ჩვენი მოთხოვნა იყო, ხუბუას დაეტოვებინა უნივერსიტეტი. ისევ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს მისი კაბინეტიდან. ავედით სააქტო დარბაზში, სადაც დერეფანში გამოსასვლელი კარი ჩაგვიკეტეს. მთელი ღამე იქ გავათენეთ. ამას მოჰყვა პროკურატურაში ჩვენი დაბარება
„ეს იყო 2006 წლის 19 ივნისი, როდესაც ხუბუამ პირველად შემოიყვანა უნივერსიტეტში პოლიცია. არსებობს ამის კადრები ხელგადაგრეხილი პროფესორები როგორ გამოჰყავს პოლიციას უნივერსიტეტიდან გარეთ“-განაცხადა ენათმეცნიერმა, გიორგი გოგოლაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„ეს იყო 19 ივნისი. 20-ში ოთხ საათზე შეხვედრა უნდა გვქონოდა ხუბუასთან და შევუთვალეთ, რომ ვისაუბროთ კონკურსის თემაზე. გადაწყდა შეხვედროდა ბატონი თენგიზ სანაძე, ჯემალ მებონია, ბატონი ავთანდილი [არაბული], მე და შოთა ვაშაკიძე. რექტორმა შოთა ვაშაკიძეს შეხვედრაზე უარი უთხრა იმიტომ, რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო, ჩვენთანაც მუშაობდა და იქაც და შევხვდით ჩვენ ოთხი. პირველი რაც შეხვედრაზე გვითხრა, კონკურსებზე არ ვილაპარაკოთ და დანარჩენი, რაც გსურთ ვისაუბროთო. ჩვენ გაოცებულები დავრჩით. ვეკითხებით რა ხდება?- არა, კონკურსების საკითხი გადაწყვეტილიაო. უხმოდ ავდექით და გამოვედით. გაგრძელდა პროტესტი და შემდეგ ამას მოჰყვა ცნობილი 3 ივლისის ამბავი, როცა ჩაგვკეტეს“-აღნიშნავს გოგოლაშვილი.
გიორგი გოგოლაშვილი 3 ივლისის მოვლენებს იხსენებს.
„ჯერ არ არის საბუთების მიღება დაწყებული და ჩვენ კიდევ გვგონია, რომ შეიძლება შევაჩეროთ ეს კონკურსების გამოცხადება და უნივერსიტეტის საბოლოო დანგრევა. 3-ში საბჭოს სხდომა ჩავატარეთ, სხდომა მიჰყავდა ბატონ თენგიზ სანაძეს, აკადემიკოსი, ფიზიკოსი. იმ საბჭოს სხდომაზე მე მომიხდა მოხსენების გაკეთება და ჯემალ მებონიას, ცნობილი ფიზიკოსი გახლავთ, ვთხოვეთ, რომ ეთავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ხუბუასთვის უნდა მოგვეთხოვა დაეტოვებინა უნივერსიტეტი. საბჭოს წევრები ამ მოთხოვნით ხუბუასთან კაბინეტში ჩავედით. ეს არის ცნობილი 3 ივლისი. არ ელოდა ხუბუა ჩვენს წინადადებას და ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ისევ გამოიძახეს პოლიცია.
გოგა გრიგალაშვილი იყო საპატრულო პოლიციის უფროსი, ისევ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს ხუბუას კაბინეტიდან, შემდეგ ავედით სააქტო დარბაზში და ვთქვით, რომ ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ, სანამ გია ხუბუა უნივერსიტეტს არ დატოვებს და იქ მოხდა საოცარი რაღაც. მოგეხსენებათ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ძალიან დიდია. ჩაგვიკეტეს დერეფანში გამოსასვლელი კარი. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კიბე, რომელიც ქუჩაში ჩამოდიოდა და ჩვენთან ერთად იყო იმდროინდელი თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი. მთელი ღამე იქ გავათენეთ, არც წყალი მოგვცეს და არაფერი. თოკებით ამოგვქონდა წყალი და როცა დაელაპარაკნენ ხუბუას, რომ არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა, მან თქვა, რომ „თქვენ ღუპავთ პოლიტიკოსები, ესენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია“. მეორე დღეს მე მომიხდა პირდაპირ ეთერში გამოცხადება, რომ „აქციას ვწყვეტთ“. ამას მოჰყვა ჩვენი დაბარება პროკურატურაში. 5 კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მაგრამ ამ პროტესტის გამო შეშინდნენ და გადააკვალიფიცირეს, ხულიგნებად გამოგვაცხადეს. საბოლოოდ, სამწუხაროდ ჩატარდა კონკურსები და ეს საზოგადოება უნივერსიტეტს მიღმა დარჩა“-განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.
Previous: ავთანდილ არაბული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, უტევდნენ ლიდერს. სამი ინსტიტუცია იყო მათი შეტევის უმთავრესი საგანი – ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია