ჩვენი მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექსპლუატაციაში 2030 წლისთვის შევიდეს – ჯუბო ტურაშვილი

ჩვენი მიზანია ოპერატიულად დავიწყოთ და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექსპლუატაციაში 2030 წლისთვის შევიდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროექტი პერსპექტიული და განხორციელებადია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის კონცეფცია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილი იყო, თუმცა ამას შესაბამისი დასაბუთება სჭირდებოდა.
მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი სწორედ საქართველოს ინიციატივა იყო და შემდეგ შეუერთდა ამას აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. ჩვენ ასევე გამოვთქვით მზაობა, რომ დაგვეფუძნებინა ერთობლივი საწარმო, შვილობილი კომპანია, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა დარჩენილი ღონისძიებების გატარება. ამ ეტაპზე დარჩენილია ფსკერის გეოფიზიკური შესწავლა, რომელიც 9 თვის განმავლობაში დასრულდება. ამის შემდეგ პროექტი მზად იქნება მშენებლობისთვის. მანამ, სანამ ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებელია, რომ 4-ვე სახელმწიფოს მიერ შექმნილმა საზოგადოებამ უზრუნველყოს მოსამზადებელი პროცესი.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მშენებლობის შემდგომ საქართველო გახდება ევროკავშირთან პირდაპირი პრაქტიკული პარტნიორი, რომლითაც ჩვენ დავუკავშირდებით ევროკავშირის ელექტრო-ენერგეტიკულ სივრცეს”, – აცხადებს ჯუბო ტურაშვილი.
bp.ge