ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საუკეთესო გარემოს ფორმირება – ირაკლი ლექვინაძე

ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გამართული III საერთაშორისო კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ მეორე დღეს 2 საერთაშორისო პანელი გაიმართა.
პირველ პანელურ დისკუსიას საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე უწევდა მოდერაციას. მან სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე, კონფერენციის მიზნობრიობაზე, ბიზნესსექტორის ინფორმირებულობაზე და აქტიურ ჩართულობაზე. პანელური დისკუსიის თემა მოიცავდა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას ციფრულ ბაზრებზე, არსებულ გამოწვევებს და საუკეთესო პრაქტიკას. მოხსენებით გამოვიდნენ: ლუკას კავადა, ავსტრიის კონკურენციის ფედერალური უწყების საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელი კოორდინატორი; პიტერ ჰოლცენბაინი, გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის უფროსი საქმის განმხილველი; კოსმინ ბელაკურენუ, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს წევრი და ბულენთ აჩმა, ანადოლუს უნივერსიტეტის პროფესორი. მონაწილეების მხრიდან, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორად – ბიზნესსექტორის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა დასახელდა.
მეორე პანელურ დისკუსიას სახელწოდებით „სამომხმარებლო განათლება, მოწყვლადი მომხმარებლების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ მოდერაციას უწევდა ტერესა მორეირა, კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი | UNCTAD. მან სამომხმარებლო განათლების მიმართულებით მოწყვლადი მომხმარებლების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სფეროს განვითარებისთვის ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენცია უკვე მესამედ იმართება და თავს უყრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სპიკერებს და პასუხობს იმ მთავარ გამოწვევებს, რომელიც აღნიშნული მიმართულებით არსებობს. მან GCCA-ის თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძეს კონფერენციის წარმატებულად ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ტერესა მორეირამ UNCTAD-ის საქმიანობის ფარგლებში, მომხმარებელთა დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და სესიაზე დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა. მისივე განცხადებით, აღნიშნულ სექტორში რისკებისგან, დარღვევებისგან თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებელთა განათლების გაძლიერებაა.
მეორე პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდნენ კრისტინა რეიფა, რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორი | UNCTAD-ის ელ. კომერციის სამუშაო ჯგუფის ექსპერტი (online); დანიელ მანკოვსკი, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ოფისის ვიცე-პრეზიდენტი; დერია გუნდურ ოზჩელები, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო, დეპარტამენტის უფროსი; სერგო სანიკიძე, GCCA -ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი. სესიაზე, დისკუსიის ფორმატში, მსჯელობა გაიმართა სამომხმარებლო განათლების სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანია – საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი, გაფართოებული მსჯელობა, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ UNCTAD-ის, OECD-ის, USAID-ის, ICN-ის, ICPEN-ის წარმომადგენლობებთან. ძლიერდება საერთაშორისო თანამშრომლობა, ამის დასტურია უკვე ტრადიციულად ქცეული საერთაშორისო კონფერენცია – კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ჩვენი მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება“.
საქართველოს ხუთი მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია ” კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა” 20 ნოემბერს გაიხსნა და 22 ნოემბერს დაიხურება. სამ დღიან კონფერენციაში მონაწილეობენ – 15 ქვეყნის დელეგაცია და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირი, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს