ჩვენი მიზანია იშვიათი, გურული, ენდემური ჯიშების აღგენა – „მევენახეობა დოლიძე“

“მევენახეობა დოლიძე” ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მივიწყებული ენდემური ვაზის ჯიშებისგან აწარმოებს ღვინოს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს გიორგი კუკულავას ესაუბრა.
“2013 წელს გავაშენეთ ვენახი, სადაც ძირითადი ნაწილი გურული ჯიშებია და ერთი მეგრული ჯიში. 2018 წლის მოსავალი “ჩხავერი” გახდა ჩვენი პირველი პროდუქცია, რომელიც ბაზარზე გავიტანეთ. ამის შემდეგ წარმოება ძირითადად გურულ ჯიშებზეა ორიენტირებული, თუმცა მცირე რაოდენობის გამო დამატებული გვაქვს რამდენიმე იმერული ჯიშიც. სულ დაახლოებით 20 ჰექტარზეა გაშენებულია გურული ჯიშები: ჩხავერი, სხილათუბანი, ჯანი, საკმიელა, ოცხანურის საფერე. ასევე გვაქვს ცოლიკაური, ხოლო მცირე ოდენობით ოჯალეში და ბადაგი. დამატებით, იმერული ჯიშებიდან ვაწარმოებთ ციცქას, ცოლიკაურს და კრახუნას “, – ამბობს კომპანიის დირექტორი.
კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია.
„ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ჩხავერის ხუთ ტიპს:
• ქვევრში დაყენებული ჩხავერი;
• კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ჩხავერი (თეთრი და ვარდისფერი);
• ნახევრად ტკბილი, ბუნებრივად დაყენებული ჩხავერი;
• ტკბილი ჩხავერი.
ასევე გვაქვს ოცხანურის საფერე, ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, და მათი კუპაჟები:
• ჩხავერი + ციცქა;
• ციცქა + კრახუნა “, – აცხადებს გიორგი კუკულავა.
კომპანიის მთავარი უპირატესობა იშვიათი, ენდემური ჯიშებით ღვინის დამზადებაა.
„ჩვენ ვაწარმოებთ იშვიათ გურულ ენდემურ ჯიშებს, რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ. ჩვენი მიზანია მათი აღდგენა და ცნობადობის ამაღლება საზოგადოებაში.
ფაქტობრივად, დღეს ჩხავერსა და დანარჩენ გურულ ჯიშებს საქართველოში რამდენიმე კომპანია აწარმოებს, ხოლო ისეთი ჯიშებით როგორიცაა ჯანი ან სხილათუბანი, შესაძლოა ჩამოსხმული და ბაზარზე გამოტანილი პროდუქცია საერთოდ არც მოიძებნოს.
ეს ძალიან რთული წარმოებაა, რადგან ღვინო იწარმოება მცირე რაოდენობით, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მოცულობა ეტაპობრივად გაიზრდება. თითო ჯიში გაშენებულია მინიმუმ ერთ ჰექტარზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 3-4 ჰექტარზეც. მომავალში იგეგმება საკოლექციო ნაკვეთის შექმნა, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა მოძიებული გურული ჯიში “, – განმარტავს კომპანიის დირექტორი.
„მევენახეობა დოლიძე“ აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების გააქტიურებაზე.
„რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაწყებული გვაქვს ექსპორტი და რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, რომლებიც უახლოეს მომავალში დაემატება ჩვენს საექსპორტო სიას. ეს მოიცავს როგორც ევროპის ქვეყნებს, ისე აზიის მიმართულებებს, ასევე ამერიკის ბაზართან მოლაპარაკებებს. პროცესს დრო სჭირდება და ამჟამად სწორედ შედეგების მოლოდინში ვართ “, – აღნიშნავს გიორგი კუკულავა.
ცნობისთვის, პროდუქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რესტორნებში და ისეთ ღვინის მაღაზიებში, როგორიცაა : 8000 მოსავალი, ღვინის გალერეა, საძველე და სხვა.
წყარო: businessinsider.ge