დიდი გამოწვევაა თანამშრომლების პოვნა, ვინაიდან ახალგაზრდები სოფლებში აღარ ცხოვრობენ, – ამის შესახებ ქართულ-ესტონური ჩაის ბრენდის – Renegade Tea Estate-ის თანადამფუძნებელმა, კრისტიინა მეჰიკმა bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
მისივე თქმით, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ზოგადადაც საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა პოპულარული სფერო. მიუხედავად ამისა, მეჰიკის თქმით, მათი კომპანია წყალტუბოს სოფელ გუმათში მდებარე საწარმოსა და პლანტაციებში ჯამურად 50 ადამიანს ასაქმებს. სეზონურად, ჩაის მოსავლის აღების პერიოდში კი პლანტაციებში დაახლოებით 35-40 ადამიანი მუშაობს და ყველა მათგანი მიმდებარე სოფლებიდანაა.
აღსანიშნია, რომ Renegade Tea Estate წყალტუბოში წარმოებულ მაღალი ხარისხის ჩაის ექსპორტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში ახორციელებს. 2017 წელს დაფუძნებული წარმოება აქცენტს სწორედ ექსპორტზე აკეთებს და ქვეყნის გარეთ ელექტრონულად წარმოებული პროდუქციის 98% ყიდის.
“ქართული ჩაი ძირითადად სიურპრიზია საექსპორტო ბაზრებისთვის, რადგან საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, ქართული ჩაის შესახებ არსად სმენიათ. მათ ძალიან უკვირთ აქაური ჩაის ხარისხი, რბილი და ტკბილი გემო. ბევრი ჩვენი პლანტაციების სანახავად მას შემდეგ მოვიდა, რაც აღმოაჩინეს, რომ ჩაის პლანტაციის ნახვა ინდოეთში ან ჩინეთში გაფრენის გარეშეცაა შესაძლებელი“, – განაცხადა Renegade Tea Estate-ს თანადამფუძნებელმა.
ის ასევე ექსპორტის პროცესში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, ძალიან ძვირი ჯდება საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაის გაგზავნა, რის გამოც მათი პროდუქციის ლოგისტიკური ცენტრი ესტონეთში მდებარეობს.
“მაგალითად, თურქეთში ესტონეთიდან გაგზავნა უფრო იაფია, ვიდრე საქართველოდან. ამიტომაც ჩვენ ესტონეთში ჩაგვაქვს ჩვენი პროდუქცია და შემდეგ იქიდან სხვადასხვა ქვეყანაში ვგზავნით. ამასთან, პრობლემაა ევროკავშირის ქვეყნებში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაც კიდევ უფრო მეტად პრობლემური გახდა”, – აღნიშნა კრისტიინა მეჰიკმა
საქართველოში ბიზნესის კეთების 7-წლიანი გამოცდილების მქონე ესტონელი იმასაც ამბობს, რომ ჩაის ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს ევროკავშირისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალი ღირებულების ბაზრებზე შეღწევის შეუძლებლობაც.
„ჩვენმა კომპანიამ ეს გამოწვევა გადალახა მარკეტინგის წყალობით. თუმცა მწარმოებელთა უმრავლესობისთვის, ეს მთავარი პრობლემაა და სამწუხაროდ, ამის გამოსწორება სექტორისა და ფერმერებისთვის გარედან არავის შეუძლია. აუცილებელია ბაზრის საჭიროებებისა და მომხმარებელთა მოლოდინების უკეთ გააზრება და მარკეტინგისა და გაყიდვების უნარების გაძლიერება მაღალი შემოსავლის ბაზრების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო მხარდაჭერაც დაეხმარება (ორგანული სერტიფიცირების ხელშეწყობა, ახალი მცენარეების სანერგეების მოწყობა)”, – განაცხადა მან.
ამასთან, ესტონელი მწარმოებლის თქმით, ბოლო 5-8 წლის განმავლობაში ბევრ პლანტაციას საქართველოში რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მაგრამ ამან ჩაის კონკურენტულ ფასში გაყიდვის შესაძლებლობა არ გააჩინა. ეს არ არის ბიზნესი, ამიტომ ამ პლანტაციებს საბოლოოდ ისევ მიატოვებენ“, – განაცხადა მან.