პარლამენტში, ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პირველი სამუშაო შეხვედრა ამ წუთებში იწყება. მმართველმა გუნდმა, საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტული თემების განსახილველად, ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვია.
შეხვედრის მონაწილეთა შორისაა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია.
“ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ზუსტად იმ გრაფიკით და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რომელიც იქ არის გაწერილი. დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ საკითხების განხილვაში, როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული. ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. მე იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს.