„ჩვენი დამსვენებლის 70-80% უცხოელია”- შატო ვარციხე

შატო ვარციხე ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში 80 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. კომპლექსი 2022 წლის აგვისტოში გაიხსნა და დამსვენებელს სხვადასხვა ტიპის კოტეჯს, გლემპინგებს, აუზს,საუნას და სხვა აქტივობას სთავაზობს.
შატო ვარციხის მიმართ მომხმარებელთა დაინტერესებაზე და სამომავლო გეგმებზე „კომერსანტთან“ დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შატო ვარციხე განსაკუთრებულ ადგილას არის და კომპლექსში თითქმის აჯამეთის ნაკრძალი შემოდის.
„თავიდან გვქონდა 12 ოთახი, ჩვენ დამსვენებელს კორპუსის ტიპის სასტუმროს არ ვთავაზობთ, გვაქვს კოტეჯები, ზოგი მათგანი ტყეშია, ზოგი გორაზე, ასევე დამსვენებელს ვთავაზობთ გლემპინგებსაც, რომელიც ვენახშია განლაგებული. გარდა ამისა გვაქვს პრემიუმ კლასის კოტეჯები მარნის თავზე, დიდი მრავალფეროვნებაა უკვე 20 ოთახზე ავედით, ასევე დაემატა ქვის სახლი ბუხრით, ნელ-ნელა ვფართოვდებით და კოტეჯებს ვამატებთ.
აქამდე მხოლოდ ღია ტიპის საცურაო აუზი საუნა და სპა გვქონდა, ახლა ვამატებთ ზამთრის აუზს, რომელიც შუშით არის გადახურული, ვგეგმავთ საჯინიბოს დამატებასაც, ვმუშაობთ საკონფერენციო დარბაზზე, რომელიც ტყეში იქნება განთავსებული, ამ სიახლეებით შევხვდებით ახალ სეზონზე დამსვენებელს.
გარდა ამისა გვაქვს რესტორანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სივრცე ქუთაისთან სულ რაღაც 20-25 წუთის სავალზეა ქუთაისიდან რესტორანში ბევრი ხალხი ჩამოდის. გვაქვს „ვარციხის მარანიც“ და ჩვენ წარმოებულ ღვინოს -ის ბაზარზეც ვყიდით“- აღნიშნა დავით ცერცვაძემ.
რაც შეეხება დამსვენებლებს, დავით ცერცვაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შატო ვარციხე ქუთაისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, მათი დამსვენებლების 70-80% ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისივე თქმით სწორედ გაზრდილმა მოთხოვნამ და ტურისტების ნაკადებმა განაპირობა კოტეჯების დამატებაც.
„უცხოელების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენამდე სულ რაღაც 25 წუთის სავალია, მაღალ სეზონზე, ანუ მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში ბევრი უცხოელი ტურისტი გვსტუმრობს, გაჩნდა მოთხოვნა კორპორატიულ შეთავაზებებზე და საკონფერენციო სივრცეზეც, შესაბამისად ვემზადებით და ზაფხულიდან კორპორატიული შეთავაზებებიც გვექნება.“- აღნიშნა დავით ცერცვაძემ.
შატო ვარციხეში დღიური განთავსების საფასური საუზმით მაღალ სეზონზე 300-350 ლარის ფარგლებში მერყეობს, დაბალ სეზონზე კი ეს თანხა 200 ლარს შეადგენს. შატო ვარციხეში განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონი ლარია. კომპანია ამ ეტაპზე 30 ადამიანს ასაქმებს.
„კადრების პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა იმის ხარჯზე ვაგვარებთ, რომ ისეთ პოზიციებზე როგორიც არის მენეჯერი, მზარეული, ადმინისტრატორი თანამშრომლები ქუთაისიდან ჩამოგვყავს, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ადგილობრივ კადრებს ვასაქმებთ“- აღნიშნა დავით ცერცვაძემ.

შატო ვარციხე სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, ვენახისა და ღვინის წარმოებასთან ერთად, კომპლექსის ეზოში გაშენებულია 4000 ძირი ტყემალი და 500 ძირი ქლიავი, ამასთან როგორც დამფუძნებელი აცხადებს, აქვთ ლოკოკინას წარმოებაც.

ასევე დაგაინტერესებთ