ჩვენი გზავნილები აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და ეს ოპტიმისტურად განგვაწყობს – კობახიძე
საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც გვესმის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც აშშ-ის საელჩო მწარედ აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის დროს.
კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა – არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას. აი, ამაზე განაცხადა აშშ-ის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა ამ კანონის დამტკიცებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია. რა თქმა უნდა, ეს ამბები ძალიან ოპტიმისტურად განგვაწყობს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღდგენის მიმართ.
წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ზურაბ-ფარჯიანი-300x224.jpg)