,,ჩვენი გამტარუნარიანობის სათანადო ნიშნულზე ვერ მიღწევამ დამკვეთებს დააწყებინა ალტერნატიული გზების ძიება” – სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა შემცირდა – bm.ge

,,ჩვენი გამტარუნარიანობის სათანადო ნიშნულზე ვერ მიღწევამ დამკვეთებს დააწყებინა ალტერნატიული გზების ძიება” – სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა შემცირდა – bm.ge
დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში, სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა შემცირდა როგორც შუა აზიის მიმართულებით, ასევე კლებაა მესამე ქვეყნებიდან ტვირთის გადაზიდვებზეც. საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი გადამზიდავებისთვის ე.წ ბაზა თურქეთია, საიდანაც ტვირთის გადაზიდვა ევროპის ან შუა აზიის მიმართულებით ხორციელდება.
ირაკლი ნემსაძის განცხადებით, ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე თურქეთში საქონელი საკმაოდ გაძვირდა, რამაც ტვირთბრუნვის მაჩვენებლების კლება გამოიწვია. მისივე თქმით, წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით გაცილებით სტაბილურობით გამოირჩევა ევროპის მიმართულება. სხვა შემთხვევაში გადამზიდავების ნაწილი ამცირებს ავტოპარკს ან საერთოდ გადის ბაზრიდან.
„6 თვე ფასდება ერთმნიშვნელოვნად მძიმედ. ქართველი გადამზიდავებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა მაღალი დამოკიდებულება მესამე ქვეყნებიდან გადაზიდვებზე. საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი ვერ უზრუნველყოფს ჭარბი ტრანსპორტის დასაქმებას ექსპორტის და იმპორტის მიმართულებით.
ტრანსპორტის დიდი წილი დასაქმებულია მესამე ქვეყნებში გადაზიდვებზე, რასაც სხვადასხვა პრობლემები ახლავს სანებართვო კვოტებიდან დაწყებული, სხვა შეზღუდვებით გაგრძელებული. მაგალითად, თურქეთი არის ჩვენი მთავარი ბაზა, საიდანაც ჩვენი გადამზიდავები გადაზიდავენ ტვირთებს ან ევროპის მიმართულებით და ევროპიდან უკან ბრუნდებიან, ან შუა აზიის მიმართულებით და შემდეგ ჩინეთიდან იქნება თუ შუა აზიის ქვეყნებიდან ბრუნდებიან რეგიონის მიმართულებით.
თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა, კონკრეტულად ინფლაციამ გააძვირა თურქული პროდუქცია ნებისმიერი მყიდველისთვის, შესაბამისად მისი რეალიზაცია და შესყიდვა აღნიშნულ ქვეყნებში შემცირდა. ერთ-ერთი ფაქტორი ეს გახდა, რის გამოც ტვირთბრუნვა შემცირდა და შესაბამისად გადამზიდავებს დააკლდათ ტვირთები. ჩვენი გამტარუნარიანობის სათანადო ნიშნულზე ვერ მიღწევამ დამკვეთებს დააწყებინა ალტერნატიული გზების ძიება და ნაწილი გადაერთო ალტერნატიულ გზებზე, შესაბამისად ქართველმა გადამზიდავებმა დაკარგეს რაღაც წილით ეს ტვირთი.
ერთადერთი, ვინც ნაკლებად დაზარალდა 6 თვის განმავლობაში ეს გახლდათ ევროპის მიმართულებით მომუშავე გადამზიდავები. თუ ავიღებთ ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის ან ჩვენი რეგიონის მიმართულებას, ჩვენი გადამზიდავები ერთხმად უჩივიან მძიმე მდგომარეობას. ბოლო პერიოდში გაიზარდა კომპანიების რაოდენობა, ვინც ტოტალურად ყიდიან ავტოტრანსპორტს და ცდილობენ ან შეამცირონ თავიანთი წილი ან საერთოდ გავიდნენ ბაზრიდან“,- აცხადებს ირაკლი ნემსაძე.
წყარო: bm.ge