„ვაკეთებთ რეკლამას სხვადასხვა ქვეყნებში და შემდეგ ვლანძღავთ ამ ქვეყნებს,“ – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა თამუნა თანდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ტურიზმის სფეროში ქვეყანა ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.
„რა სარეკლამო კამპანიებიც არ უნდა მოაწყონ, ფაქტია, მმართველ გუნდში არის შეუთანხმებლობა. 2025 წლის სამოგზაურო ტენდენციებს რომ გადავხედოთ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე დავინახავთ უზბეკეთს, რომელიც აქამდე ტოპ-20 ქვეყანაშიც კი ვერ ხვდებოდა. სოლიდური ინვესტიციებით ის ახერხებს, გახდეს ტურისტულად მიმზიდველი. ჩვენგან განსხვავებით თანმიმდევრულად ახორციელებს ბიზნეს-ინვესტიციებს – ჩვენ ვაკეთებთ რეკლამას და შემდეგ ვლანძღავთ ამ ქვეყნებს.
საფრანგეთის ავიახაზები რეისებს ამატებს, მაგრამ მგზავრები არიან ძირითადად სლავები. ჩვენი გავლით სლავები მარტივად და უსაფრთხოდ ხვდებიან ევროპაში. ფაქტობრივად, კორიდორი გავხდით.
რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენი პერსპექტივა არის ის, რომ შეწყვიტოს ქვეყანამ პარტიის მსახურება და გადავიდეთ დარგობრივ განვითარებაზე. მეტი ზიანი რა უნდა მიადგეს ქვეყანას, როცა საკუთარ კანდიდატს არ უჭერს მხარს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში? თუ კონკრეტულად ზურაბ პოლოლიკაშვილთან აქვთ პრობლემა, წარედგინათ მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ასევე ძალიან კარგი კანდიდატურა იქნებოდა. ასეთი ტიპის გაურკვევლობა იწვევს ბიზნესში უკუსვლას,“ – განაცხადა თანდაშვილმა.
www.bpn.ge
