“ჩვენი ბიზნესი ძალიან მოწყვლადია… მგონია, სასტუმროების გაყიდვის მიზეზი ეს არის”- ჰოტელიერი

იყიდება სასტუმრო-მსხვილი უძრავი ქონების მყიდველებისთვის, ასეთი შეთავაზებები ინტერნეტ სივრცეში მომრავლდა. მოქმედი ბიზნესების ახალ მეპატრონეებს ეძებენ თბილისშიც და რეგიონებშიც.
უძრავი ქონების აგენტები გვიხსნიან, რომ ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი ბოლო რამდენიმე თვეში გახდა და მიზეზად ტურისტების ნაკადის შემცირებას და ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს ასახელებენ.
სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სასტუმრო ბიზნესის წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევებს უკავშირდება, რასაც კომპანიების ნაწილი ვერ უმკლავდება. ნინო ჩუბინიძის თქმითვე, კონკურენციაში გადარჩენის გზა ბიზნესისთვის სასტუმრო ნომრებზე ფასის შემცირებაა.
“წელს ძალიან მძიმე ზამთარი აღმოჩნდა ჩვენი ბიზნესისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი არის ძალიან მოწყვლადი და არის სეზონური, მგონია რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სასტუმროები იყიდება. არასტაბილური გარემო ქმნის ხოლმე წინაპირობას იმისას, რომ ბიზნესი გაფუჭდეს, ამას ემატება სეზონურობაც, რომელიც თავისთავად აისახება ჩვენს საქმიანობაზე.
ჩვენი ბიზნესი ყველაზე პირველი აწყდება პრობლემებს, როდესაც ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იქმნება. გარდა ამისა, ძალიან მძიმე სეზონი აღმოჩნდა. ქვეყანაში არის სტუმრების ნაკლებობა და ვინც არის ჩამოსული საკმაოდ დაბალი გადახდისუნარიანი ბაზარია. შესაბამისად, არა მარტო ჩვენ არამედ ბევრ სხვა ობიექტს ძალიან ცუდი დღეები აქვს,”- აცხადებს სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური დირექტორი ნინო ჩუბინიძე.