“ჩვენი არჩევანია ევროპა” – რა? სად? როდის? მოთამაშეების განცხადება

რა? სად? როდის? მოთამაშეები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ, სადაც ხაზგასმულია, რომ ინტელექტუალები მესამედ აფიქსირებენ პოზიციას.
“მესამედ ვაფიქსირებთ პოზიციას:
“ჩვენ, “რა? სად? როდის?” მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც კონსტიტუციის 78-ე მუხლში. მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მოვითხოვთ ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირისგან და საჯარო მოხელისგან აღასრულოს კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსი.
ჩვენი არჩევანია – ევროპა!“.
აქვე მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებთან, რომლებიც კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას ითხოვენ.
ხელმოწერები კომენტებში (პრინციპით: ერთი კომენტი – ერთი ხელმოწერა ანუ სახელ-გვარი). სია ღიაა ყველა მოთამაშისთვის და თამაშის მოყვარულისთვის,” – წერია განცხადებაში.