ჩვენივე გადახდილი ფულებით ჩვენივე შვილებს სცემენ… ბიზნესი არის ღირებულებათა ერთობა…ბიზნესი უნდა იყოს პირველი, ვინაც მთავრობა უნდა აკონტროლოს – კახა ხაზარაძე
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბიზნესის ერთიანობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ბიზნესს სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, დღეს კი არის ვითარება, როდესაც მთავრობა კონსტიტუციიდან არის გასული, – ასე ფიქრობს ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
კახა ხაზარაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი, ვადამდელი არჩევნებია, რომლის მოპოვება საზოგადოებამ უნდა შეძლოს.
“უნდა გავერთიანდეთ, რა თქმა უნდა. ბიზნესს ძალიან დიდი ძალა გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა გავაჩეროთ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენივე გადახდილი ფულებით ჩვენივე შვილებს სცემენ. სიჩუმე არის კატასტროფა. მე მაინც მეცოდინება, ის სიჩუმე სად ითარგმნება. ითქვა რომ ზოგიერთი ასოციაცია ჩუმად არის, დღეს გაუგებარია რა ბიზნესზე არის საუბარი. ბიზნესი არის ღირებულებათა ერთობა დღეს ჩვენი ღირებულებათა ერთობა ფულთან კავშირში საერთოდ არ არის. ჩვენი მთავრობა კონსტიტუციიდან გავიდა, სასამართლო ნოტარიუსად იქცა, მე სამართალს ვერსად ვერ ვპოულობ. როგორ უნდა მოვიქცე? – როგორ და უნდა გავერთიანდეთ, სამართალი დავამყარო, რომელიც ჩვენი შვილების მომავალზე იქნება ორიენტირებული. გამოსავალი რა არის? უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, როგორი გზით? როგორ საშუალებასაც მოგვცემენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და უნდა მივიდეთ ბოლომდე”, – განაცხადა კახა ხაზარაძემ და დაამატა, რომ აქამდე ქვეყანა მივიდა ბიზნესის და სახელმწიფოს კოჰაბიტაციით.
“ვთვლი, რომ ბიზნესი უნდა იყოს პირველი, ვინაც მთავრობა უნდა აკონტროლოს. მე განვიცდი, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან უხდიან პრემიებს იმ პირებს, ვინც შვილებს იჭერენ, მედიის წარმომადგენლებს სცემენ და მე მაქვს ძალიან დიდი ბრაზიმ” – ამბობს ხაზარაძე.