ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ეუთოს ეგიდით ჩამოვა საქართველოში, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა.
„შეხვედრა დაგეგმილია ხვალისთვის. ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ეუთოს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო, ეუთოს თავს დაესხა არა მარტო შიდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ თავს დაესხნენ მათი უცხოელი მფარველები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა, ამ კუთხით იქნება სრული ღიაობა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
