ჩვენთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული გემი, სადაც არ უნდა იყოს ის | უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი აფხაზეთში ბაზაზე
“უკრაინსკა პრავდასთან” ინტერვიუში სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა ამბობს, რომ კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს.
ჟურნალისტმა სარდალს ჰკითხა, რისთვისაა საჭირო ახალი საზღვაო ბაზა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში აშენებს. ნეიჟპაპა ამბობს, რომ ეს არის საბაზისტო წერტილი – ბაზირების პუნქტი, რომელიც სავარაუდოდ რუსეთს სჭირდება გემების განსათავსებლად.
“თქვენ არ შეგიძლიათ განათავსოთ მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე. უფრო მეტიც, ნოვოროსიისკი არ არის ძალიან სასიამოვნო პორტი ბაზისთვის ამინდის პირობების გამო, განსაკუთრებით ზამთარში. სევასტოპოლი ძალიან დახურული ყურეა. გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების გასაჩერებლად. იგი დაცულია ყველა ქარისგან, გარდა დასავლეთისა. ძალიან სიმბოლურია, სხვათა შორის. ნოვოროსიისკში კი ძალიან უსიამოვნო ქარებია, რომელსაც ბორას უწოდებენ”, – ამბობს ის.
მისი განმარტებით, გემებისთვის ნოვოროსიისკის პორტში უბრალოდ დგომა მოუხერხებელია, “ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის პრობლემა, რომლის მოგვარებაც მათ ახლა სურთ”.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რუსეთი ააშენებს ბაზას აფხაზეთში, იქნება თუ არა ის ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის, სარდალი პასუხობს:
“ჩვენთვის ლეგიტიმური მიზანია ნებისმიერი გემი, რომელიც ატარებს რუსეთის საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშას. სადაც არ უნდა იყოს ის მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ნაწილში”.
