„ჩვენთან მოქმედი პრინციპით, ადამიანი უნდა იყოს ან საყოველთაო დაზღვევაში ან კერძოში, რაც გარკვეულ წილად აფერხებს კერძო დაზღვევის განვითარებას“ – დავით ონოფრიშვილი

„ჩვენთან მოქმედი პრინციპით, ადამიანი უნდა იყოს ან საყოველთაო დაზღვევაში ან კერძოში, რაც გარკვეულ წილად აფერხებს კერძო დაზღვევის განვითარებას“ – დავით ონოფრიშვილი
2024 წელს სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა. მოთხოვნამ იმატა სამედიცინო, ავტომობილებისა და ქონების დაზღვევაზე. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო სადაზღვევო სისტემა კერძო სექტორის ამ მიმართულებით განვითარებას აფერხებს. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართულ პირს, რომელსაც პრემიას სახელმწიფო უხდის, ამავე დროს კერძო დაზღვევით სარგებლობის საშუალება არ აქვს. მოქმედი პრინციპის თანახმად, ადამიანი ან სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაზღვევით უნდა სარგებლობდეს.
,,სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით ამ ეტაპზე ჩვენთან მოქმედებს ასეთი პრინციპი, რომ ადამიანი უნდა იყოს ან საყოველთაო დაზღვევაში, რომელსაც სახელმწიფო აზღვევს ან უნდა იყოს კერძო დაზღვევაში. ეს გარკვეულ წილად აფერხებს კერძო დაზღვევის განვითარებას. იმიტომ რომ ის ჩამკეტია. ადამიანი თუ იქ არის აქ ვეღარ იქნება. თუმცა არის არაერთი ქვეყანა და ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ რაღაც ნაწილი წამოიღოს კერძო დაზღვევამ ის რაც არის საყოველთაოში. რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიმართ მაგალითად: მასწავლებლების, პენსიონერების ან ამდაგვარი დიდი ჯგუფის მიმართ, როგორც ადრე ხდებოდა, მაგრამ შემდგომში იყო სხვა პრობლემები და საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ კვლავ შეიძლება. ეს რეალურად სერიოზულ ბიძგს მისცემს სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით.’’- განაცხადა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში დავით ონოფრიშვილმა.
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით ქვეყანაში დღეს 700 ათასამდე ადამიანია სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ მიმართულებით დაზღვეულთა რაოდენობა მზარდია, რაც დავით ონოფრიშვილის შეფასებით კერძო დაზღვევის უპირატესობიდან გამომდინარეობს.
,,კერძო დაზღვევით დაზღვეულია 700 ათასამდე ადამიანია და მზარდია. იმიტომ, რომ რეალურად ხედავენ, რომ თუ გაქვს საშუალება იხადო ყოველთვიური პრემია, შენ ნამდვილად თვისობრივად და ხარისხობრივად ბევრად უკეთესი მომსახურება გაქვს. წამლების შესყიდვის თვალსაზრისითაც ბევრად კარგია შეღავათი.’’- განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.