ჩეხური ინვესტიციით ბახმაროში ახალი 25-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო – ინვესტიცია 300 000 ევროა. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” სასტუმრო “პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელმა და მფლობელმა გიორგი კეჭაყმაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალ სასტუმროს, რომელიც “პანორამა ბახმაროს” ტერიტორიაზე შენდება “პანორამა ბახმარო 360” ერქმევა.
“წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების, ხის სასტუმრო, რომელიც პირველ ვიზიტორებს მომდევნო წლიდან მიიღებს. სასტუმროს პირველი სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მეორე სართულზე ხის კონსტრუქციები ეწყობა. ჩვენ მშენებლობაში ქართულ ხის მასალას და ძირითადი ინვესტიცია ინვენტარზე განხორციელდება. სასტუმრო მოიცავს შიდა საუნა, სპა, ორთქლის საუნა, მოსასვენებელი სივრცე და ბარი. ახალი სასტუმროს მფლობელი, ისევე როგორც “პანორამა ბახმარო” ჩვენს მფლობელობაში იქნება. უბრალოდ ჩეხი პარტნიორები გვყავს, რომლებიც აღნიშნულ პროექტში ინვესტიციას ჩადებენ”, – აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.
მისივე განმარტებით, “პანორამა ბახმაროს” მუდმივად 9 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული და ახალი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დასაქმებულების რაოდენობის ზრდას და სოფლის გაძლიერებას.
ცნობისთვის, ბახმაროში მდებარე სასტუმრო “პანორამა ბახმარო” 2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმროს ამ ეტაპზე 8 ნომერი აქვს.
