დავიდ კოზაკმა, რომელმაც 21 დეკემბერს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, თვითმკვლელობის წინ დაწერილ წერილში თავდასხმამდე 6 დღით ადრე, კლანოვიცეს ტყეში კიდევ 2 ადამიანის, მამის და ახალშობილი შვილის მკვლელობა აღიარა.
აღსანიშნავია, რომ კოზაკი მამა-შვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში პოლიციის მიერ შექმნილი ეჭვმიტანილების გაფართოებულ 4 000-კაციან სიაში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, კოზაკმა უნივერსიტეტში თავდასხმამდე საკუთარი მამაც მოკლა. შესაბამისად, ჯამში 24 წლის სტუდენტმა 17 ადამიანი იმსხვერპლა.
დავიდ კოზაკმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შავი ფერის შაშხანის ტიპის იარაღი მიიტანა და სროლა იმ მომენტამდე არ შეწყვიტა, სანამ ის პრაღის პოლიციის თანამშრომლებმა არ დაჭრეს. პოლიციის ვარაუდით, დაჭრილმა თავდამსხმელმა სასიკვდილო ჭრილობა თავად მიიყენა და თავი მოიკლა.
ჩეხური მედიის ცნობით, კოზაკმა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ჩანს მისი ფანტაზიები სუიციდზე და მასობრივ მკვლელობაზე.
პრაღის პოლიციამ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ კოზაკის თავდასხმა შთაგონებული იყო რუსეთში 14 წლის მოსწავლის მიერ მოწყობილი თავდასხმით, სადაც ერთი მოსწავლე გარდაიცვალა და დაიჭრა ხუთი მათგანი.