მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
მისი თქმით, ევროპამ ფაქტობრივად აღიარა, რომ გამჭვირვალობის კანონში არსებული ინსტრუმენტების გარეშე, თანამედროვე პოლიტიკა ვერ იმართება.
ქართველიშვილის განცხადებით, რაც დასაშვებია პარიზისთვის, ან პრაღისთვის, გამოცხადებული „წითელი ხაზია“ თბილისისთვის.
„ჩეხეთი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ლიბერალური ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი სამაგალითოდ მიჩნეული ქვეყანა – დღეს ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, შედის იმ სახელმწიფოების რიგში, რომლებიც სისტემურად, საკანონმდებლო დონეზე ამკაცრებენ უცხოური გავლენის კონტროლს. სწორედ ჩეხეთში მზადდება “კანონი უცხოურ კავშირებთან დაკავშირებული სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური წყაროების სავალდებულო გამჟღავნებას, საჯარო რეესტრის შექმნას და რაც მთავარია, მკაცრ სანქციებს. საუბარია ჯარიმებზე 15 მილიონ ჩეხურ კრონამდე ან ორგანიზაციის წლიური ბრუნვის 10%-მდე, ასევე საქმიანობის ფაქტობრივ შეზღუდვაზე დარღვევის შემთხვევაში.
ეს უკვე აღარ არის თეორიული დისკუსია გამჭვირვალობაზე, ეს არის ზეწოლის კონკრეტული არქიტექტურა, სადაც ფინანსური რისკი პოლიტიკური დისციპლინის ინსტრუმენტად იქცევა.
მაგრამ ჩეხეთი ამაშიც კი არაა “ევროპული პიონერი”, ის უბრალოდ მიჰყვება უკვე ჩამოყალიბებულ და აპრობირებულ ტენდენციას. საფრანგეთმა უკვე დანერგა “უცხოური გავლენის რეესტრი”; უნგრეთი – დიდი ხანია ტესტავს მსგავს მექანიზმებს; სლოვაკეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა, იმავე მიმართულებით მოძრაობენ. განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია: სადღაც ამას „გამჭვირვალობას“ ეძახიან, სხვაგან – „ლობიზმის რეგულირებას“, მაგრამ არსი უცვლელია, სავალდებულო რეგისტრაცია, კონტროლი, სანქციები.
ევროპამ, უცხოური გავლენის სკანდალების ფონზე, ფაქტობრივად აღიარა: ასეთი ინსტრუმენტების გარეშე თანამედროვე პოლიტიკა ვერ იმართება.
ამ ფონზე საქართველოს ისტორია გამონაკლისად კი არა, არამედ უხერხულ სარკედ გამოიყურება. ფაქტიურად ამ ევროპული და ამარიკული კანონის მიღებისთანავე, ჩაირთო ჩვენზე უპრეცედენტო ზეწოლის მექანიზმები: ულტიმატუმები, სანქციების მუქარა, ევროინტეგრაციის შეფერხება. ამასთან, არგუმენტაცია დიდი ხანია აღარ ტრიალებს კანონის შინაარსის, არამედ მის პრინციპულკი მიუღებლობის გარშემო. და ეს იმ ფონზე, როცა მსგავსი ნორმები ევროკავშირის ქვეყნებში უკვე მოქმედებს ან მზადდება მისაღებად.
ჩნდება აშკარა დისბალანსი: რაც დასაშვებია პარიზისთვის ან პრაღისთვის, გამოცხადებულია „წითელ ხაზად“ თბილისისთვის. მკაცრი დასკვნა თავისთავად იკვეთება: საქმე დიდი ხანია აღარ ეხება არც ღირებულებებს და არც სამართლებრივ სტანდარტებს. ევროპა თავად აყალიბებს უცხოური გავლენისგან დაცვის სისტემას და ამავე დროს იტოვებს უფლებას, განსაზღვროს ვის აქვს ასეთი დაცვის უფლება და ვის არა. ამ ლოგიკაში „უცხოური აგენტების“ კანონი სამართლებრივი ინსტრუმენტიდან გეოპოლიტიკურ მარკერად გარდაიქმნება: საკითხი აღარ არის რა მიიღე, არამედ, ვინ ხარ და რა ადგილი გეკუთვნის იერარქიაში.
და კიდევ…ჩეხეთში ამ კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.