ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ავრცელებს.
„დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშღომელს“, – წერს მინისტრი ლიპავსკი.
„მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ ისინი არ გვინდა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – წერს ის პლატფორმა X-ზე.
ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულები არიან:
· ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ – შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი. ის აშშ-ის, ბრიტანეთის და ბალტიის ქვეყნების მიერ არის სანქცირებული;
· ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი;
· მირზა კეზევაძე, ხარაზიშვილის მოადგილე.
მათ ჩეხეთში შესვლა ეკრძალებათ.
„მსგავსი სიები უკვე აქვთ მიღებული ბალტიის ქვეყნებს, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას“, – მედიის ცნობით, განაცხადა მან.
მინისტრის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეხეთი სანქციებს აწესებს ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის: „კონტექსტისათვის, – წინა შეზღუდვები დაწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერისათვის“.
საქართველოს თანამდებობის პირებისათვის სანქციები დაწესებული აქვთ შეერთბულ შტატებს, გაერთიანებულმა სამეფოს, უკრაინას, ასევე, ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას – ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს.
ამასთან, ევროკომისიის ინიციატივითა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ.
გარდა ამისა, ესტონეთი საჭიროდ მიიჩნევს საქართველოსთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაწყებას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა 27 იანვარს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება“.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს კონსენსუსი, – რაც საჭიროა სანქციების დასაწესებლად, – მაგრამ, ვიცი რა, როგორ სურთ ევროკავშირის ლიდერებს [კონსენსუსის მიღწევა], ჩვენ ვეცდებით ამას, კვლავ ვიმუშავებთ კონსენსუსის მიღწევაზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ 28 იანვარს.
ფორუმი