ჩეხეთმა პოლონეთში საზღვრის დასაცავად სამი ვერტმფრენი გაგზავნა

ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დასაცავად დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამი ვერტმფრენი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„პოლონეთში სამი ჩეხური ვერტმფრენი ჩავიდა, რაც გააძლიერებს ჩვენი ახლო მოკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო სივრცის დაცვას. ჩვენი პილოტები უახლოეს მომავალში პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას დაიწყებენ“, – აღნიშნულია ჩეხეთის შეიარაღებულ ძალების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ვერტმფრენები ნამესტი ნად ოსლავოუს ვერტმფრენების 22-ე საავიაციო ბაზას ეკუთვნის და უკვე პოლონეთში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცე სულ მცირე 19 რუსულმა დრონმა დაარღვია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა. დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს საცხოვრებელი შენობა დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.