ჩეხეთმა კორუფციის აღქმის რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა, სლოვაკეთის მაჩვენებელი კი კვლავ გაუარესდა.
ჩეხეთმა კორუფციის აღქმის გლობალურ რეიტინგში მდგომარეობა გაიუმჯობესა. 2025 წლის მაჩვენებლებებით, მან 39-ე ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც წინა, 2024 წელს 46-ე ადგილზე იყო. ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ სამშაბათს, 10 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში. თავის მხრივ, სლოვაკეთი, რომელიც 2024 წელს 59-ე ადგილზე გავიდა, გასულ წელს ორი ადგილით დაქვეითდა და 61-ე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა, 50 ქულით, 56-ე ადგილზეა. 182 ქვეყანის საერთო რეიტინგს კი, 90 ქულით, კვლავ დანია უდგას სათავეში.
ჩეხეთმა 100-დან 59 ქულა დააგროვა, რაც 2024 წელთან შედარებით, სამით მეტია, თუმცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს – 62 ქულას – მაინც ჩამორჩება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩეხეთის ფილიალი ამის მთავარ მიზეზად პეტრ ფიალას ყოფილი მთავრობის მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნაკლებობად დახვეწას ასახელებს. ამასთან, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ანდრეი ბაბიშის ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი კოალიციური მთავრობა რეიტინგს არა თუ გააუმჯობესებს, არამედ პირიქით – გააუარესებს.
ჩეხეთის ფილიალის განცხადებით, ყოფილმა მთავრობამ კორუფციის შესაკავებლად საკმარისი არ გააკეთა. „მან ვერ შეძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონმდებლობის შეცვლა. ლობირების რეგულირების შესახებ კანონი მხოლოდ დიდი ძალდატანებით იქნა მიღებული, რათა ევროკავშირის მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო და ჩეხეთს ევროკავშირის დაფინანსებიდან მილიარდობით ევრო არ დაეკარგა. მან ასევე ვერ შეძლო სისტემური ცვლილებების განხორციელება და კონკურენციის დაცვის სამსახურის მეტად საჭირო რეფორმა, ფაქტობრივად, გაყინა“, – აღნიშნა ორგანიზაციის აღმასრულებელმა, დირექტორმა დევიდ კოროტამ.
თუმცა, ახალი მინისტრთა კაბინეტი საერთოდ არ აპირებს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას ან ეფექტიანი სისტემური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მთავრობის პროგრამულ განაცხადშიც აისახა. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჩეხეთში პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებას არ ელის. „ჩვენ უკვე ვხედავთ კოალიციურ კანონპროექტებსა და ზეწოლას, რომელიც ძირს უთხრის საჯარო სამსახურისა და საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას და არასამთავრობო სექტორის მიმართ ნეგატიურ განწყობებს ამკვიდრებს“, – აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალების“ ჩეხეთის ოფისის ხელმძღვანელმა.
ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე აღნიშნა, რომ გასულ წელს არაერთი ანტიკორუფციული აქტივობა განახორციელა. მათ შორის უწყება ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონს ლობირების რეგულირების შესახებ, რომელიც გასული წლის შუა პერიოდში შევიდა ძალაში. „გარდა ამისა, სამინისტრომ აამოქმედა ლობისტთა რეესტრი, რომელიც წლის ბოლოსთვის 555 ლობისტს, 608 ლობისტურ შუამავალსა და 2 066 ლობირების სუბიექტს მოიცავდა“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა, ლუსი როზსიპალოვამ. სამინისტრომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩეხეთმა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა.
„2026 წელს ახალი მთავრობა დაამტკიცებს მთავრობის ანტიკორუფციულ კონცეფციას 2027-2030 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის ანტიკორუფციულ პრიორიტეტებს. ისინი საჯარო კონსულტაციებისა და ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე დადგინდება“, – წერს პრეს-სპიკერი.
ევროპის საბჭოს რჩევა: ჩეხეთის რესპუბლიკას სჭირდება ქცევის კოდექსი მაღალჩინოსნებისთვის და უკეთესი ანტიკორუფციული ზედამხედველობა (ჩეხურ ენაზე)
სლოვაკეთმა 100-დან 48 ქულა მიიღო და 59-ე ადგილიდან 61-ზე გადაინაცვლა. „ვიშეგრადის ოთხეულის“ დანარჩენი ორი ქვეყანაც რეიტინგში ჩეხეთზე უკან არის. პოლონეთი 53 ქულით 52-ე ადგილზეა, ხოლო უნგრეთს, 40 ქულით, 84-ე ადგილი უკავია. მას, ბულგარეთთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.
სლოვაკეთის პროკურატურის ხელმძღვანელის გაფრთხილება: კორუფცია არ გამქრალა, შედეგები სავალალოა (ჩეხურ ენაზე)
პირველ სამეულში, ბოლო ანგარიშთან შედარებით, არაფერი შეცვლილა. კვლავ ლიდერობენ დანია (89 ქულა), ფინეთი (88 ქულა) და სინგაპური (84 ქულა). ათეულში ასევე მოხვდნენ ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და გერმანია. ამ უკანასკნელმა მაჩვენებელი ორი ქულით გააუმჯობესა და 100-დან 77 ქულა მიიღო.
კორუფციის აღქმის კუთხით, ჩეხეთზე უკეთესი მდგომარეობაა ბალტიის სამივე ქვეყანაში – ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, რომლებიც ევროკავშირს, ჩეხეთის მსგავსად, 2004 წელს შეუერთდნენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეიტინგში 29-ე ადგილი დაიკავა, თუმცა ერთი წლის წინანდელთან შედარებით, ერთით ნაკლები – 100-დან 64 ქულა გააჩნია. ჩინეთი 43 ქულით 76-ე ადგილზეა, უკრაინა 36 ქულით – 104-ეზე, ხოლო რუსეთი 22 ქულით – 157-ეზე.
წლიურ ჭრილში, მდგომარეობა არც რეიტინგის მეორე ბოლოში შეცვლილა. სამხრეთ სუდანი და სომალი კორუფციის ყველაზე ცუდი აღქმის მქონე ქვეყნებად რჩებიან და ასიდან მხოლოდ 9 ქულა აქვთ – ერთით ნაკლები, ვიდრე ვენესუელას.
ევროკომისარი: უკრაინა უნდა შეებრძოლოს კორუფციას, თუ მას ევროკავშირის წევრობა სურს (ჩეხურ ენაზე)
წყარო: 1 არხი




