ჩეხეთი ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროზე კიბერშეტევაში ამხელს

28 მაისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია:
„ჩეხეთის მთავრობამ დაადგინა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პასუხისმგებელია მავნე კიბერკამპანიაზე, რომლის სამიზნეც იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაიდუმლო ქსელები. მავნე ქმედება, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო და ზემოქმედება მოახდინა ინსტიტუციაზე, რომელიც ჩეხეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას განეკუთვნება, ჩადენილია კიბერჯაშუში აქტორის – APT31-ის მიერ, რომელიც საჯაროდ არის დაკავშირებული [ჩინეთის] უშიშროების სამინისტროსთან“.
ჩეხეთის მთავრობის თანახმად, გამოძიებამ მაღალი სარწმუნოობით დაადგინა პასუხისმგებელი მოქმედი პირი. ამ ინციდენტის გამოძიებაში ჩართულები იყვნენ: უშიშროების საინფორმაციო სამსახური, სამხედრო დაზვერვა, საგარეო ურთიერთობებისა და ინფორმაციის ოფისი და კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო.
აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები „წინააღმდეგობაშია [ჩინეთის] საჯარო განცხადებებთან“ და მოუწოდებს პეკინს, დაიცვას კიბერსივრცეში სახელმწიფოს პასუხისმგებლობიანი ქცევის საერთაშორისო პრინციპები და მიიღოს ყველა ზომა ვითარების მოსაგვარებლად.
ჩეხეთზე კიბერთავდასხმის ფაქტის გამო სოლიდარობა გამოხატეს ევროკავშირმა, მისმა წევრმა ქვეყნებმა და ნატოს მოკავშირეებმა. მათ ხაზი გაუსვეს კიბერთავდასხმებთან გამკლავებაში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ფორუმი