ჩეხეთი დრონების მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილi ხანძრის საქმეში რუსულ კვალს იძიებს

ჩეხეთის პოლიცია და თავდაცვის კომპანია LPP, რომელიც უკრაინისთვის დრონებს აწარმოებს, იძიებენ პარადუბიცეში მდებარე ქარხანაში გაჩენილ ხანძარს და ჰქონდა თუ არა მას რუსულ ინტერესებთან კავშირი.
პოლიცია მომხდარ ინციდენტს განზრახ თავდასხმად განიხილავს, მას შემდეგ რაც ჩეხურმა მედიამ მიიღო წერილები ჯგუფისგან, რომელიც ისრაელისთვის იარაღის წარმოებას აპროტესტებდა და ხანძარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
ხანძარმა დააზიანა საწარმოო ინფრასტრუქტურა და ადგილზე შენახული პროდუქცია, თუმცა, LPP-ის განცხადებით, მან არ შეაფერხა უკრაინისთვის დაგეგმილ 40 დრონის მიწოდება.
“მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ისრაელურმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა, ჩვენ პოლიციასთან ერთად ვიძიებთ სხვა შესაძლო მოტივებსაც, მათ შორის რუსულ კავშირსაც,” – განაცხადა LPP-მ.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ის არ აწარმოებს ტექნიკას ისრაელისთვის და არ თანამშრომლობს ისრაელის თავდაცვის კომპანია Elbit Systems-თან, რადგან 2023 წელს გამოცხადებული თანამშრომლობის გეგმები არ შედგა.
ჩეხური გაზეთი Mlada Fronta Dnes-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის რეალური სამიზნე შესაძლოა უკრაინისთვის LPP-ის მიერ წარმოებული დრონები ყოფილიყო, ხოლო ანტი-ისრაელური მოტივი – შენიღბვა.