ჩეხეთის სკოლებში მოსწავლეები საქართველოში შეკერილ სპორტულ ფორმებს ჩაიცვამენ

ჩეხეთის სკოლებში მოსწავლეები საქართველოში შეკერილ სპორტულ ფორმებს ჩაიცვამენ
ჩეხეთის სკოლებში მოსწავლეები საქართველოში შეკერილ სპორტულ ფორმებს ჩაიცვამენ. ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ „ნართი“ ჩეხურ მხარესთან მოლაპარაკებას უკვე მიაღწია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ნართის“ თანადამფუძნებელმა თამარ დემურიშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით, საუბარია პრაღის რამდენიმე სკოლაზე, სადაც ფიზკულტურის გაკვეთილზე „ნართის“ შეკერილ სპორტულ ფორმებს ბავშვები უკვე 2024 წლის სასწავლო წლიდან ატარებენ.
„ზოგადად, ქვეყანაში ტექსტილის და მოდის ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება და ეს კარგად ჩანს საერთაშორისო ბაზრებზე მისი მიღწევებითაც. წლიდან წლამდე სხვადასხვა ტიპის სამოსი სულ უფრო დიდი რაოდენობით გადის უცხოეთში ექსპორტზე. ქართული სამოსის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესი ევროპულ ქვეყნებშია“, – აღნიშნავს „ნართის“ თანადამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, ის, რაც ქართული სამოსის საექსპორტო პოტენციალს ზრდის მისი ხარისხი და კონკურენტუნარიანი ფასია.
„ქართული ტანსაცმელი ხარისხობრივად ევროპულს უკვე დაეწია, ამიტომ, მზარდია დამკვეთების რიცხვიც. საექსპორტოდ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კი უნიფორმებია, რომლებიც არანაკლებ პოპულარულია ადგილობრივ ბაზარზეც. შეძლება ითქვას, რომ ჩვენ როცა დავიწყეთ უნიფორმების წარმოება, იმ დროს, ქვეყანაში ეს პროდუქტი თითქმის სრულად იმპორტირებული იყო. ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში წარმოებულმა უნიფორმებმა იმპორტი 95%-ით ჩაანაცვლა“, – განმარტავს „ნართის“ თანადამფუძნებელი.
ის იმ სირთულეებზეც საუბრობს, რომელთა გადალახვაც ქართველ მწარმოებლებს ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის მოპოვებამდე მოუწიათ.
„რამდენიმე წლის წინ საქართველოში ძნელად იშოვებოდა მაღალი ხარისხის ნედლეული, გამოწვევას წარმოადგენდა მუშახელის პოვნაც. კვალიფიციური მკერავები შრომის ბაზარზე დღემდე დეფიციტურია. ამიტომ, ზოგჯერ გვიწევს ხოლმე გამოუცდელი კადრები ავიყვანოთ და ჩვენით ვასწავლოთ. თუმცა, ამ დამატებითი ძალისხმევის გასაწევად, ჩვენთვის მთავარი მოტივაცია ქართული სამოსის მიმართ მომხმარებლების დიდი ინტერესია“, – აღნიშნავს „ნართის“ თანადამფუძნებელი
მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი სახელობითი სამოსია.
„თავდაპირველად, საბავშვო სამოსით დავიწყეთ – ანუ ბავშვის ტანსაცმელს ვაქარგავდით მათ სახელებს. შემდეგ, გავაკეთეთ სადედოფლო ხალათები. იმდენად დიდი ინტერესი და მოთხოვნა წამოვიდა, რომ გავაფართოვეთ ეს ხაზი და დღეს უკვე ყველა ტიპის სამოსზე შეგვიძლია სახელების ქარგვა. მათ შორის, გვაქვს სახელობით სამოსი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც“, – აღნიშნავს „ნართის“ თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, კომპანია „ნართი“ დღეისათვის ქმნის როგორც ყოველდღიურ და სპორტულ სამოსს, ისე უნიფორმებს, სახელობით და ასევე ოთხფეხა მეგობრების ტანსაცმელს. თამარ დემურიშვილის თქმით, ყოველწლიურად მათ მიერ წარმოებულ სამოსზე მოთხოვნა 20-25%-ით იზრდება.
წყარო: ბიზნესპარტნიორი

ასევე დაგაინტერესებთ