ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის თავიანთი პირობები უნდა დააწესონ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლიპავსკიმ Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, რუსები ცდილობენ დასავლეთს თავს მოახვიონ აზრი, რომ უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია.
„ჩვენ უნდა ვაიძულოთ პუტინი, მიიღოს ზელენსკი მოლაპარაკებებზე სუვერენული ერის პრეზიდენტად. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი პირობა მოლაპარაკებებისთვის. პუტინი, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და ზოგიერთი პროპაგანდისტი აცხადებენ, რომ არ სურთ უკრაინასთან მოლაპარაკება. ისინი საუბრობენ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ან ამერიკის პრეზიდენტთან, მაგრამ არა უკრაინელებთან“, – განაცხადა ლიპავსკიმ.
მისი თქმით, ეს არის ხაფანგი, რომლის დაგებასაც რუსეთი ოპონენტებისთვის ცდილობს.
„მათ სურთ, გვჯეროდეს, რომ უკრაინის მთავრობას არ შეუძლია მოლაპარაკება. ჩვენ ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.