ჩეხეთის პრეზიდენტს არ აქვს გარანტია, რომ არჩევნების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი არ გამორიცხავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის მთავრობა შეიცვლება, რის შემდეგაც შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარება აღარ გაგრძელდეს.
პრეზიდენტმა პაველმა BBC-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ შეუძლია გარანტირება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მთელი მისი ძალისხმევა მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებისადმი საერთო მიდგომის შესანარჩუნებლად, მათ შორის უკრაინის მიმართ პოლიტიკის, რადგან უკრაინის მხარდაჭერა ჩეხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია.
დღეს ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. პრაღას ეკუთვნის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების ინიციატივა. ჩეხეთი ნატოელ მოკავშირეებში თანხას აგროვებს, თავის კავშირებს იყენებს ქვეყნებში, რომლებიც უკრაინისადმი ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ და მათგან ყიდულობს უკრაინის არმიისთვის საჭირო საარტილერიო ჭურვებს.
პრეზიდენტ პაველის ინფორმაციით, 2024 წელს ჩეხეთმა შეძლო უკრაინის მომარაგება დაახლოებით 1,5 მილიონი მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალით, წლევანდელი მოცულობა კი 1,8 მილიონი იქნება.
ჩეხეთის პრეზიდენტის თანახმად, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დღევანდელი პრინციპების შენარჩუნებას განიხილავს ლიდერებთან ყველა საპარლამენტო პარტიის, რომლებიც შესაძლოა, მომავალი მთავრობის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, თუმცა წინასწარ ვერნაირ გარანტიას ვერ გასცემს.
ჩეხეთის პარლამენტის არჩევნები 3-4 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინსიტრობის ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილება მოძრაობა ANO-ს ლიდერი ანდრეი ბაბიში. ის ჩეხეთის პრემიერი იყო 2017-2021 წლებში.
როგორც BBC წერს, სავარაუდოდ, სწორედ ბაბიშს უკავშირდება ის ფაქტი, რომ პრეზიდეტი პაველი არ არის დარწმუნებული ჩეხეთის დღევანდელი საგარეო კურსის შენარჩუნებაში.
ამჟამად ჩეხეთის მთავრობას ხელმძღვანელობს ცენტრისტული სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პეტრ ფიალა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერია.
მილიარდერ ანდრეი ბაბიშს ბევრი მიიჩნევს პოპულისტად, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ძალაუფლება და ბიზნესი, თუმცა ის იდეოლოგიურად ამორფულ ფიგურად რჩება. ანალიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურად დაბრუნების შემთხვევაში ბაბიში კარდინალურად შეცვლის ჩეხეთის დღევანდელ საგარეო კურსს, თუმცა შესაძლოა, რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიცია არ დაიკავოს.
ფორუმი