ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ და ჩეხეთის სენატის ხელმძღვანელმა, მილოშ ვისტრჩილმა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შენარჩუნებისკენ მოუწოდეს ერთობლივ წერილში თავიანთ ამერიკელ კოლეგებს მაიკ ჯონსონსა და ჩაკ გრესლის. წერილის ავტორებმა ასევე სთხოვეს ვაშინგტონელ კანონმდებლებს, რათა “გაითვალისწინონ მედია კორპორაციის დაფინანსების შემცირების” უფრო ფართო და გრძელვადიანი შედეგები.
“RFE/RL-ის დახურვა, ფაქტობრივად, დიდ გამარჯვებას მოუტანს ავტორიტარულ რეჟიმებს ევროპაში, აზიაში და სხვაგან. იგი გააქარწყლებს ათწლეულების გამავლობაში სიტყვის თავისუფლებისა და ღია საზოგადოების მხრივ მიღწეულ პროგრესს”, – ციტირებს “ბლუმბერგი” წერილის ტექსტს.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას.
მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ამის შემდეგ RFE/RL-ს გრანტი შეუწყდა წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც ” USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველია, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული”. წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი აღარ წარმოადგენდა USAGM-ის პრიორიტეტებს. სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული.
RFE/RL-მა ამ ნაბიჯს უკანონო უწოდა და სასამართლოს მიმართა
შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.
სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, – რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, – სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.
თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.
RFE/RL-ის ხელმძღვანელობა, რომელიც 1 აპრილს იძულებული გახდა ბევრი თანამშრომელი გაეშვა შვებულებაში შემცირებული ხელფასებით, აგრძელებს ძალისხმევას გრანტის დარჩენილი ნაწილის მისაღებად, რომელიც საბიუჯეტო ბოლომდე, ანუ 2025 წლის 30 სექტემბრამდე ეკუთვნის.
საკუთრივ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის განსაზღვრული ბიუჯეტი, USAGM-ის დოკუმენტების თანახმად, 2025 წლისთვის შეადგენდა 153 მილიონამდე დოლარს.
RFE/RL-ის დაფინანსების სამომავლო პერსპექტივის ბუნდოვანების ფონზე, რადიო თავისუფლების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ფიქრი დაიწყეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებმა.
ფორუმი