ჩეხეთის “მეკობრეების პარტიის” მინისტრები კოალიციურ მთავრობას ტოვებენ

ჩეხეთის “მეკობრეების პარტიის” წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი და მთავრობაში საკანონმდებლო საბჭოს თავმჯდომარე მახაილ შალოუმანი, კოალიციური მთავრობის შემადგენლობას დატოვებენ. როგორც ჩეხური გამოცემა iDnes-ი იუწყება, პარტიის წევრებმა ამ გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში 30 სექტემბრის საღამოს დაუჭირეს მხარი.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა “მეკობრეების პარტიის” კიდევ ერთი წევრის, ივან ბარტოშის გათავისუფლება ჩეხეთის მთავრობის ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტიდან. “მეკობრეების პარტია” მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ასეთი გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმების დარღვევით მიიღო.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ გადადგომის შემდეგ ის დატოვებს პარტიას. პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ თქვა, რომ ლიპავსკი, როგორც უპარტიო კანდიდატი, შესაძლოა ხელახლა დაინიშნოს საგარეო უწყების ხელმძღვანელად.
ჩეხური მედია წერს, რომ მთავრობის შემადგენლობიდან „მეკობრეების“ წარმომადგენელთა გასვლის მიუხედავად, კოალიციას პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩეხეთის ამჟამინდელ კოალიციურ მთავრობას, რომელიც ქვეყანას 2021 წლიდან მართავს, მკაცრი პოზიცია უკავია მოსკოვის მიმართ და მეზობელი სა და უნგრეთისგან განსხვავებით, უპირობოდ ემხრობა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
საგარეო საქმეთა მინისტრი, 39 წლის იან ლიპავსკი ცნობილია, როგორც მოსკოვის მკაცრი კრიტიკოსი.
2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში, 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, “მეკობრეების პარტიამ” დაბალი შედეგი აჩვენა – ორი მანდატი დაკარგა და ამჟამად ევროპარლამენტში მხოლოდ ერთი წევრით, მარკეტა გრეგოროვათია წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ