ჩეხეთში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პოპულისტური ორიენტაციის პარტიამ ANO, რომელსაც ახლა ელოდება მოლაპარაკებები მმართველი უმრავლესობის შესაქმნელად. ჩეხეთის არჩევნებს ყურადღებით ადევნებდა თვალს საერთაშორისო თანამეგობრობა, რადგან ამ კენჭისყრამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროკავშირზე და უკრაინის მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე.
ხმათა 95 პროცენტის დათვლის შედეგით ბაბიში მკაფიო გამარჯვებულია, თუმცა მას არ აქვს მანდატთა უმრავლესობა – რაც ნიშნავს პოტენციურად რთული ძალისხმევის საჭიროებას კოალიციური პარტნიორების მოსაძებნად.
ანალიტიკოსების ვარაუდით, მათ შორის, შესაძლოა, იყოს ულტრამემარჯვენე SPD, რომელიც გამოდის მოწოდებით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ უნდა დატოვოს ევროკავშირი და ნატო.
“თუ მთავრობა დამოკიდებული იქნება SPD-ის პოზიციაზე ან მხარდაჭერაზე, ეს ძალიან რთულ ვითარებას შექმნის” – უთხრა ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იან მახაჩეკმა რადიო თავისუფლებას.
მახაჩეკის თქმით, ეს შექმნის “ძალიან სახიფათო ვითარებას საგარეო პოლიტიკისთვის, რადგან SPD არის ექსტრემისტული, უკრაინის და ევროკავშირის მკვეთრი მოწინააღმდეგე და პრორუსული პარტია”.
თავად ბაბიში მძაფრად ევროსკეპტიკური რიტორიკით გამოდიოდა და ასევე ამბობდა, რომ შეაჩერებს “ჩეხეთის ინიციატივას”, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის ტყვია-წამლის შესყიდვა ხორციელდებოდა. მაგრამ 71 წლის მილიარდერი გამორიცხავს ევროკავშირიდან და ნატოსგან გამოსვლას.
კიდევ ერთმა ანალიტიკოსმა, ირჟი პეჰემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ შედეგებით “ბაბიშისთვის ძალიან რთული იქნება სტაბილური კოალიციის შექმნა” SPD-სა და პალრამენტში პირველად მოხვედრილი მცირე ოპოზიციური ჯგუფის, “მოტორისტებზე” დაყრდნობით.
ბაბიშმა გამარჯვებას უწოდა “ისტორიული შედეგი” და თქვა, რომ ეცდება შექმნას ერთპარტიული უმცირესობის მთავრობა. ბაბიშის თქმით, ამ მთავრობისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იგი მოლაპარაკებას გამართავს SPD-სთან და “მოტორისტებთან”.
სხვა პარტიები – მათ შორის ამჟამინდელი მმართველი კოალიციის წევრები – გამორიცხავენ ბაბიშთან ერთად მთავრობის ფორმირებას. თუმცა, პეჰეს აზრით, ეს ვითარება შესაძლოა შეიცვალოს, თუკი ბაბიში განზე გადგება და პრემიერ-მინისტრად პარტიულ კოლეგას წამოაყენებს.
“მან, შესაძლოა, სცადოს ამჟამინდელი მთავრობის რომელიმე პარტიასთან მოლაპარაკება, რადგან ეს მას უფრო სტაბილურ გადაწყვეტას მოუტანს” – ამბობს ექსპერტი.
პერსპექტივა, რომ ბაბიშს შესაძლოა არაოფიციალური პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს ქვეყანაზე, შეშფოთებას გამოიწვევს ჩეხეთის მოკავშირეებში, რომლებიც თანამშრომლობდნენ ამჟამინდელ, მძლავრად პრო-დასავლურ და პრო-უკრაინულ ხელისუფლებასთან.
ბაბიშს ბევრჯერ ულაპარაკია თავის კავშირზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან – რომელმაც დაბლოკა ევროკავშირის ბევრი ინიციატივა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ან უკრაინის დახმარებაზე.
თუმცა, პეჰეს აზრით, ბაბიშმა – რომელსაც დასავლეთ ევროპაში ფართო ბიზნესინტერესები აქვს – პრემიერობის პირველი ვადის (2017-2021) დროს გამოავლინა, რომ პრაგმატიკოსი ფიგურაა.
“არ მგონია ბაბიში ისე შორს წავიდეს როგორც ორბანი, ან [სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ] ფიცო, იმის გამოც, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა აღარაა დამოკიდებული რუსეთის ნავთობსა და გაზზე” – ამბობს ანალიტიკოსი.
მას მერე, რაც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, პრაღამ სრულად შეწყვიტა მოსკოვიდან ნავთობის იმპორტი და შეამცირა გაზის გამოყენება.
უნგრეთი და სლოვაკეთი განაგრძობენ ორივე წიაღისეული საწვავის მსხვილ იმპორტს.
