ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახალი ინიციატივა ხორციელდება, რომელიც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე პრაქტიკის დანერგვას ემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას UNDP ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთწლიანი პროექტის განხორციელებაში, რომლის ბიუჯეტი 64,000 აშშ დოლარს აღწევს, ჩართულია ორი არასამთავრობო ორგანიზაცია – ქართული „კონა“ და ჩეხური ‘Kokoza’.
მათი თანამშრომლობის შედეგად, მწვანე განათლების ინოვაციური და პრაქტიკული მეთოდები საქართველოს სკოლებში დაინერგება, ხოლო ორგანიზაციები და კომპანიები მწვანე ურბანული პრაქტიკის გავრცელებაში ჩაერთვებიან.
„კონა“-სა და „Kokoza“-ს დახმარებით, სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ნიადაგის მნიშვნელობას, კომპოსტირების უპირატესობებსა და ურბანული ბაღების გაშენებას სწავლობენ, ხოლო მასწავლებლები იღებენ მეთოდოლოგიურ კონსულტაციას გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სკოლებში „მწვანე ლაბორატორიების“ შექმნა, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები ერთად იმუშავებენ ურბანული გარემოს გამწვანების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
„პრაქტიკული სწავლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია გარემოსდამცველთა ახალი თაობის განათლებისა და ხელშეწყობის საქმეში. ჩვენი თანამშრომლობა ჩეხეთის რესპუბლიკასთან ხელს უწყობს საქართველოს სკოლებში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდას“, – განაცხადა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
„ჩეხეთის რესპუბლიკას მდიდარი გამოცდილება აქვს განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის მხრივ ინოვაციური მეთოდების დანერგვითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. ამ პროექტის მეშვეობით, ჩვენ ჩეხეთში დაგროვებული ცოდნა საქართველოს გამოცდილებასთან შევაჯერეთ, რათა გარემოსდაცვითი განათლებისა და სათემო მდგრადობის მოდელი შეგვექმნა“, – აღნიშნა იანა ზელინგეროვამ, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ჩეხეთის საელჩოში საქართველოში.
2025 წლის მარტში, პროექტის განხორციელება ორ საპილოტე სკოლაში დაიწყო – წყნეთში, საჯარო სკოლაში #137 და თბილისში, სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში „აია – ჯესს“.
ორი საპილოტე სკოლის გარდა, კომპოსტირების დანადგარები და მეთოდოლოგიური კონსულტაცია ათმა ორგანიზაციამ, მათ შორის კერძო საწარმოებმა მიიღეს.
პროექტის განხორციელებასთან ერთად, გარემოსდაცვითი განათლების აღნიშნული მოდელი შესაძლოა მეტ სკოლაში, უნივერსიტეტსა და საბავშვო ბაღში დაინერგოს.
პროექტს ქართული არასამთავრო ორგანიზაცია „კონა“ უძღვება, რომელიც უშუალოდ სკოლებთან, ახალგაზრდებთან და მასწავლებლებთან მუშაობს. მისი საერთაშორისო პარტნიორი, ჩეხური ორგანიზაცია „Kokoza” ამ პროცესს ექსპერტიზითა და შესაბამისი მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს.
ინიციატივა ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სტამბოლის რეგიონული ჰაბის ერთობლივი მხარდაჭერით.
გარდა ამისა, პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს UNDP-ის სხვა ინიციატივებთან საქართველოში, მათ შორის დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“, რომლის ფარგლებშიც ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მწვანე გადასვლის პილოტირება ხორციელდება.
„ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის ჩეხეთის კერძო სექტორის, აკადემიური ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ შემუშავებულ ინოვაციურ გადაწყვეტებს პარტნიორ ქვეყნებს აწვდის. 2018 წლიდან, ამ დახმარების ფარგლებში, საქართველოში 40-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის ინოვაციების დანერგვის, გარემოსდაცვითი მდგრადობისა და ინკლუზიური მმართველობის მიმართულებით”, – განაცხადა კატერინა ლინარტოვამ, ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობის ხელმძღვანელმა UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ ჰაბში.
