დღეს ჩეხები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი სროლის მსხვერპლს გლოვობენ. წინა დღით, პრაღაში, შეიარაღებულმა ადამიანმა კარლის უნივერსიტეტის შენობაში 14 ადამიანი მოკლა. პოლიციამ მომხდარის შემდეგ სკოლებში, უნივერსიტეტებში და სხვა საჯარო შენობებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.
დაღუპულებს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ყვავილებით და სანთლებით მისული უამრავი ადამიანი მიაგებს პატივს. მათ შორისაა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და შეერთებული შტატების ელჩი ბიჯან საბეტი. 21 დეკემბერს მომხდარ ტრაგედიაში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
კარლის უნივერსიტეტმა დღეს ყველა ლექცია და ღონისძიება გააუქმა. ჩეხეთში, ევროპის ცენტრში მდებარე 10.9 მილიონიან ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი ადამიანი ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს, მსგავსი მასობრივი სროლის შემთხვევა უიშვიათესი ინციდენტია.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, პრაღის 6 საავადმყოფოში გუშინ 27 ადამიანი შეიყვანეს, ნაწილს ახლაც მკურნალობენ. უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციამ თავდასხმის ინციდენტზე და მის წინმსწრებ მოვლენებზე მეტი დეტალის გამოქვეყნება დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, თავდამსხმელი ხელოვნების ფაკულტეტის 24 წლის სტუდენტი იყო.
ეჭვმიტანილმა სავარაუდოდ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ის ალყაში მოაქცია. თავდამსხმელს თან რამდენიმე სხვადასხვა სახის იარაღი ჰქონდა. ასევე ირკვევა, რომ მან უნივერსიტეტში ცეცხლის გახსნამდე, სავარაუდოდ, ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჯერ მამამისი მოკლა.