ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა და მისმა 29 ახლო ნათესავმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 146 სხვადასხვა ჯილდო მიიღო. კადიროვების ჯილდოები გამოცემა “ვერსტკამ” ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და მედიაში გავრცეცლებული რეპორტაჟების საფუძველზე დაითვალა.
თავად კადიროვს ყველაზე მეტი — 41 თვეზე ოდნავ მეტ დროში, 31 მედალი აქვს მიღებული (მთელი ოჯახის ჯილდოების საერთო რაოდენობის 21.2%). ამრიგად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს საშუალოდ 40 დღეში ერთხელ აჯილდოებენ, აღნიშნავს გამოცემა.
ჯილდოების რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟი, ადამი, რომელიც მამის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლება. მას 16 მედალი აქვს მიღებული. აქედან ნახევარი კადიროვის შვილმა ორი თვის განმავლობაში — 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში მას შემდეგ მიიღო, რაც გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმარი ნიკიტა ჟურაველი სცემა.
მესამე ადგილზეა ჩეჩნეთის მეთაურის ქალიშვილი — აიშატი კადიროვა. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, მას 10 ჯილდო აქვს მიღებული.
კადიროვების ოჯახის ჯილდოების მნიშვნელოვანი ნაწილი — 82 სახელმწიფო და, ძირითადად, ჩეჩნეთის შიდა ჯილდოებია. კადიროვმა და მისმა ნათესავებმა სხვადასხვა დეპარტამენტისა და სამინისტროებისგან 30 მედალი მიიღეს, რომელთა უმეტესობა ძალოვან ორგანოებზე მოდის (რუსეთის ეროვნული გვარდია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური).
კადიროვებმა ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისგან 21 ჯილდო მიიღეს, 11 მედალი უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში (დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები) რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციებისგან, ერთი კი ლიბიისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებისგან მიიღეს.
ჩეჩნეთის მეთაურისა და მისი ოჯახის წევრების ჯილდოების შესახებ სიახლეები რეგულარულად ჩნდება. ადამ კადიროვის დაჯილდოების შესახებ ხშირი ცნობები ხუმრობის საგნადაც კი იქცა