“რა მოტივითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებას მხოლოდ მივესალმები.” – პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ეხმაურება.
მანამდე, ამავე თემასთან დაკავშირებით ჩერგოლეიშვილმა ასევე დაწერა, რომ ვერცერთი ქალი, რომელიც პარლამენტში “ოცნებიდან, ნაცმოძრაობიდან, გვარამია/მელიასგან, ლელოსგან, გახარიასგან” მოხვდება – ვერ შექმნის ლიდერი ქალის მაგალითს.
“ყველა ქალი, რომელიც პარლამენტში მოხვდება ოცნებიდან, ნაცმოძრაობიდან, გვარამია/მელიასგან, ლელოსგან, გახარიასგან და ა.შ, გინდ კვოტით, გინდ უკვოტოდ, შერჩეული იქნება კაცების მორჩილების ნიშნით და ვერცერთი შექმნის ლიდერი ქალის მაგალითს. პირიქით, ყველა მათგანი გაამყარებს სტერეოტიპს, რომ ქალი უნდა იყოს კაცის მორჩილი და ვინც კაცის მორჩილი არ არის – გიჟია.
ჩვენი ამოცანაა “გიჟებმა გადაგირბინოთ” და დავამყაროთ ღირსების (და არა თანამდებობების) თანასწორობა.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
პარტია გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს, 1-ელ აპრილს ბიუროს სხდომაზე მოხდა.
ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულაინის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას, სანაცვლოდ, ოცნებამ გირჩისგან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის “კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”.
გირჩის ინიციატივის მიხედვით, გენდერული კვოტირება ხელს უშლის ქალების რეალურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.
ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.
“გენდერული კვოტირების მექანიზმი, წარმოადგენს შეზღუდვას, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა” – წერია განმარტებით ბარათში.
გენდერული კვოტირების წესის შესახებ საარჩევნო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით 2023 წლის თებერვალში მიიღო. ცვლილება შეეხება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს.
ცვლილების მიხედვით, ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით, მამაკაცის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით, არამედ სიის მომდევნო წევრით მოხდება.
203-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.