ჩერგოლეიშვილი: პარტიებს სხვაგან აქვთ საქმე საკეთებელი, ხალხთან არის ნდობა აღსადგენი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეაფასა პრეზიდენტ ს ინიციატივა, შეიქმნას “მომავლის ქარტია” სახელწოდებით “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”. ჩერგოლეიშვილის თქმით, იგი იდეის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ხალხის მხარდაჭერის მოპოვება და მათი ნდობის დაბრუნება. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა რეზიუმეში ისაუბრა.
“თავისთავად იმაში, რომ პრეზიდენტი ცდილობს ამ ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ ველზე რაღაც ტიპის პლატფორმა შექმნას, სადაც რაღაცაზე ილაპარაკებს ეს ხალხი, ცუდს, მავნეს და საზიანოს მე ვერაფერს ვერ ვხედავ. თუმცა, მონაწილეობის აზრსაც დიდად ვერ ვხედავ, არ მაქვს ამაზე პოზიცია” – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვებს და ეს შეხვედრები შედეგს არ გამოიღებს თუ ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ.
“ჩვენი პრობლემის გასაღები არის სხვაგან, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა, გვჭირდება ძალა. პრეზიდენტთან მიღებებზე სიარული და რაღაცებზე ხელის მოწერა, ერთმანეთთან შეხვედრა და ყავაზე ლაპარაკი კი არ გვჭირდება, ანუ აქ ერთმანეთს უნდა გავეცალოთ. ხალხიდან გვაქვს ასაკრეფი ძალა, ხალხთან არის ნდობა აღსადგენი […] საქმე უნდა ვაკეთოთ ამომრჩეველთა გაზრდის თვალსაზრისით” – აღნიშნა მან.
ჩერგოლეიშვილის თქმით, შეხვედრები არაფერს ნიშნავს, სანამ პროცესები სანდოობას არ შეიძენს, “ამისთვის დისკუსია და კითხვებზე პასუხებია საჭირო”. როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, საჭიროა, “ვისაც შენი პოლიტიკური პროდუქტი მოსწონს, ის შთააგონო, რომ ადგეს და არჩევნებზე თავის მეგობარს ხელი ჩაავლოს, წავიდეს და შენ შემოგხაზოს”.
“არ გვენდობა ხალხი, ძალიან დიდი უნდობლობაა პოლიტიკურ სპექტრსა და ხალხს შორის […] პარტიებს სხვაგან აქვთ საქმე საკეთებელი, ახლა იქ ჩამოუსხდებიან, დაიწყებენ იქ ყავის დალევას, გამოვლენ იქიდან, ტელეკომენტარებს დაარიგებენ და ეს არ არის პოლიტიკა” – თქვა ჩერგოლეიშვილმა.
დღეს, 6 თებერვალს პარლამენტში მოსმენისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას “მომავლის ქარტია” სახელწოდებით “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.
პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.