ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის ლაზარეს 12 მსაჯულის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფილმის მთავარი მიზანი იყო ლაზარეს საქმეზე ჭეშმარიტების დემონსტრირება და ჩვენება, რამდენად უფრო დაცულია ინდივიდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში.
“მთავარი, ცხადია, იყო ლაზარეს საქმეზე ჭეშმარიტების დემონსტრირება იმიტომ, რომ მე ძალიან დიდ სირცხვილად მიმაჩნია, რომ ერთი ადამიანის მსხვერპლშეწირვას დავესწროთ ყველანი უხმოდ და არაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოვიდეს. ჩვენ მომენტალურად გაგვიჩნდა ეჭვი რომ ის სპეციალურად არის ამორჩეული იმისთვის, რომ იმ თაობის დისკრედიტაცია მოხდეს, ვინც იმ აქციებს მომხიბვლელობას სძენდა – მე ყველა აქციაზე დავდივარ, მაგრამ ვერ ვძენ აქციას ისეთ მომხიბვლელობას, როგორც ლაზარესხელა ბავშვები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები 8-9 მარტის პროტესტში და ის ენერგია მოიტანეს, რამაც ხელისუფლებას უკან დაახევინა – მათი დისკრედიტაცია, მათი დასტრესვა, მათი შერცხვენა მოხდეს ვითომ ამ გზით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ბუმერანგივით უკან მოხვდეთ ეს. […]
მე ღრმად მჯერა – და 30 წელია მივყვები ამ ქვეყანაში სასამართლო რეფორმის თემას… – არაფერი ეშველება ამ სისტემას სახეების ცვლით. რამდენი მურუსიძეც არ უნდა მოხსნა, ახალი მურუსიძე ამოვა. რამდენი კარგი რეკომენდაციაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ… ეს არის ყველაფერი სისულელე. ჩვენ გვჭირდება სისტემური ცვლილება და ჩვენ გვჭირდება ხალხის შემოყვანა პროცესში და ხალხისთვის ძალის მიცემა.
გვინდოდა, ჩვენი საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვიქცეთ სამართლიან საზოგადოებად. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, მაგრამ ამას სჭირდება ის რეფორმა, რომელსაც ევროპული საქართველო გთავაზობთ… [ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა] სამოქალაქო საქმეების ნაწილზეც, ადმინისტრაციული საქმეების ნაწილზეც უნდა გავრცელდეს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სისტემის დანიშნულ მოსამართლეს გიბალანსებს მოქალაქეთა ფილტრი, რომლის შერჩევაშიც არ მონაწილეობს მარტო ბრალდების მხარე, მონაწილეობს დაცვის მხარეც.
ამ ფილმის ამოცანაც ზუსტად ეს იყო, ამის ჩვენება, რამდენად უფრო ჩართული და რამდენად უფრო დაცულია ინდივიდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში”. – თქვა ჩერგოლეიშვილმა.
25 თებერვალს კლუბში KHIDI გაიმართა ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის ლაზარეს 12 მსაჯულის პრემიერა, სადაც საქმეს სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
პროექტზე მუშაობა თავისუფლების ინსტიტუტმა და ევროპულმა საქართველომ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს. ფილმში მონაწილე მსაჯულების შერჩევა მოხდა შემთხვევითი წესით, ონლაინ შემოსული განაცხადების საფუძველზე.
ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ დაიწყო ლაზარეს მხარდამჭერი კონცერტი, რომელზეც გამოვიდნენ: დაგდაგანი, LOUDspeakers, რობი კუხიანიძე და OUTSIDER, გამოუვალი მდგომარეობა, გია თოიძე და 4D monster lobsters.
ფილმის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ: ლაზარეს 12 მსაჯული