ჩერგოლეიშვილი: ზურაბიშვილი დღეს განასახიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, ამასაც ანადგურებენ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენლად კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებას გამოეხმაურა.
“მართლა ფასეულობების ომში ვართ. არაფერს – არც ქართულ სახელმწიფოს, არც კონსტიტუციას – არაფრად აგდებენ. საქმე სალომე ზურაბიშვილში კი არაა, ეს ადამიანი არის ინსტიტუტი, ამ ქვეყნის ინსტიტუტია. როგორც მოექცნენ წინა პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტს, რომ დასცინიან – ეს არის მათი დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს განასახიერებს.
დღეს განასახიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც დეკლარირებულად პროდასავლურია და ამას ებღაუჭება დღეს დასავლეთი – სალომე ზურაბიშვილის ავტორიტეტსა და მის ლეგიტიმაციას ებღაუჭება დასავლეთი. ამ დროს დგანან და ამასაც ბოლომდე ანადგურებენ, რადგან რაღაც სიტუაციაში გაირკვა, რომ მათი მონა არ არის და აქვს თავისი შეხედულებები.
სახელმწიფოს გაქრობა გვემუქრება თუ 2024 წელს სწორი არჩევანი არ გავაკეთეთ, ევროპას ვინ ჩივის საერთოდ – სახელმწიფოს დავკარგავთ, სუვერენიტეტს დავკარგავთ, რადგან ასე ექცევიან სუვერენიტეტს, ქვეყნის პრეზიდენტს, მის კონსტიტუციურ უფლებებს, კონსტიტუციას… ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფერს დავპირისპირებოდით, სამწუხაროდ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად დაიმსგავსეს”. – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენლად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.
სასამართლოს განცხადების მიხედვით, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.