“ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია… მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ…” – თამარ გუდავა

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს უკვე ყოფილი მაღალჩინოსნი, თამარ გუდავა, რომლის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახის მიმართ… მინდა დედას თანავუგრძნო და მისი მწუხარება გავიზიარო. ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი… აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ ომში და მიუხედავად იმისა, რომ ანანო ცოცხალი გადარჩა, ამ ბრძოლაში ორივე დამარცხებულები ვართ! მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ, თქვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ჩემთვის ამ ძალიან რთულ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში გაცილებით დიდი და ბევრია სიკეთე, ძალიან ცოტა – ბოროტება. თქვენს ამ სიყვარულს და მხარდაჭერას მე აუცილებლად დაგიბრუნებთ! თითოეული თქვენგანის წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… როგორც დედას ერთადერთი რისიც მჯეროდა იყო ის, რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა. გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად. ანანო მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ცუდად იყო, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არჩილისთვის და იმ დროს მას არ უფიქრია საკუთარი თავის მიმართ რაიმე საფრთხეებზე. დანარჩენი დეტალები იცის ბრალდების და დაცვის მხარემ და მე როგორც დედას სასამართლოს სამართლიანობის და მიუკერძოებლობის იმედი მაქვს. წლების განმავლობაში, მთელი ჩემი საქმიანობა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ძიებას და შექმნას ემსახურებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩართულიყო კულტურის სფეროში. ამ გზით მინდოდა მათი ინტერესების და ნიჭის მხარდაჭერა. ამ განსაცდელმა და ტკივილმა, ჩემთვის ახალ რეალობაში, როგორც დედას სრულიად წარმოუდგენელი ახალი ფუნქცია დამაკისრა. ჩემი და ჩემი შვილის ამ ტკივილიან მდგომარეობაზე მე დღეიდან ვისაუბრებ ღიად ყველგან, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც თანამედროვე რეალობაში ბევრი ცდუნების წინაშე დგანან. მჯერა, რომ სწორედ კონკრეტულ მაგალითებზე მუდმივი და პირისპირ საუბრებით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ბოროტი სენისგან. ახლა სიმართლის დადგენის მოლოდინში მე ჩემს შვილს ყველაზე მეტად ვჭირდები… დედა ვარ და მას ამ სენთან ბრძოლაში ბოლომდე გავყვები… ზოგიერთი ახლა ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირღებიდან” ნაკაშიძის დედას რომ ეუბნებიან იმ სიტყვებს მეტყვის:
…“პირველად ვხედავ საკუთარი შვილის სიმართლეში ასე დაჯერებულ დედას.
მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ:
…“ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ…“ ახლა დაუჯერებელ რეალობაში ახალი და დაუმარცხებელი ძალით მიწევს ცხოვრების გაგრძელება! ამას მხოლოდ თქვენთან ერთად შევძლებ!