“ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა… მადლობა ნიცას, რომ სულ ჩემ გვერდითაა” – ხვიჩა კვარაცხელია მეუღლის, ოჯახის წევრებისა და განვლილი გზის შესახებ საუბრობს – Marao

“ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა… მადლობა ნიცას, რომ სულ ჩემ გვერდითაა” – მეუღლის, ოჯახის წევრებისა და განვლილი გზის შესახებ საუბრობს – Marao
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის სახელი და გვარი, ხვიჩა კვარაცხელია, იგივე “კვარა” ერთდროულად ცნობილი და საყვარელი გახდა არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ახალგაზრდა ტალანტს საქართველოდან ფეხბურთის ლეგენდას, მარადონასაც კი ადარებენ და მას “კვარადონას” უწოდებენ. როგორც ამბობენ, ხვიჩას განსაკუთრებული ნიჭი, თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი სტადიონსა და ეკრანს დაუბრუნდა.
ხვიჩა კვარაცხელია 2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ საკლუბო კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. კლუბის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 29 სექტემბერს კოლხეთი-1913-ის წინააღმდეგ გამართულ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაში შედგა. დინამოელთა მაისურით მან მხოლოდ ოთხი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო. მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.
2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი დებიუტი ს პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა, როდესაც შეხვედრის 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.
2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არგამოსყიდვის გამო.
2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2019 წლის 15 ივლისს, მან ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ხოლო მომდევნო გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ კარში შეაგდო. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად. 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
2021 წლის დასაწყისში L’Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.
2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ. 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ. ამავე დღეს ის ს „დინამოს“ შეუერთდა.
კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ივნისის ბოლოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა.მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს. 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.
3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.
4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს. თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა.[20] მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.
სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა. კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს, La Gazzetta dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა.„რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.
29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.
2023 წლის 13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა „ნაპოლიმ“ შინ, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“ მიიღო, დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხა და მათ შორის სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა.ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელთა მიერ გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა. პირველი ბურთი სტუმართა კარში კვარაცხელიას ეფექტური დარტყმის შემდეგ, რომელიც ტურინელთა მეკარე შჩესნიმ მოიგერია, ოსიმენმა დასწრებაზე თამაშის დროს თავით გაიტანა. მეორე ბურთი ოსიმენის პასით თავად ხვიჩამ შეაგდო. მესამედ „იუვენტუსის“ კარი ხვიჩას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა ამირ რაჰმანიმ აიღო, ხოლო მეოთხე გოლი კვლავ ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ ისევ ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავური დარტყმის შედეგად გავიდა. კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულებისას ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე.ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა (პირველად აგვისტოში). თებერვალში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი აიღო, საგოლე პასი კი „სპეციასთან“ შეასრულა.
„ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრა „უდინეზესთან“ სტუმრად, უდინეს „დაჩია არენაზე“ 4 მაისს გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1–1 დასრულდა. ნეაპოლელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. ეს კლუბის ისტორიაში მესამე საჩემპიონო ტიტულია. მას შემდეგ, რაც კლუბმა დიეგო მარადონას თავკაცობით 1987 და 1990 წლებში სკუდეტო ორჯერ მოიგო, ნეაპოლელებისთვის ეს პირველი დიდი მიღწევაა 33 წლის შემდეგ.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 4 გამომუშავებული პენალტი.ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში — 14 გოლი, 14 საგოლე გადაცემა და 5 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 მატჩში — 2 გოლი, 4 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.
2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს შეფასებით ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა ლიგაზე შთამბეჭდავი იყო. მან მიულოცა „ნაპოლის“ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის იტალიაში ჩამოყვანა, რომელმაც პიროვნულ თვისებებთან ერთად პირველივე მატჩებიდან აჩვენა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, შემოქმედებითობა, დრიბლინგი და 12 გატანილი გოლით და 10 საგოლე გადაცემით იქცა კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რომელმაც საბოლოოდ გუნდს სკუდეტო მოაგებინა და ამით ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისა და ლამაზი ფეხბურთის მოყვარულის ოცნება აასრულა.
2023 წლის 27 სექტემბერს, კვარაცხელიამ „უდინეზეს“ გაუტანა (4–1), რითაც დასრულდა მისი ექვსთვიანი უგოლო სერია. ამავე მატჩში მან საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტიც მოიპოვა.21 ოქტომბერს ასევე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როდესაც „ნაპოლიმ“ „ვერონა“ გასვლაზე (3–1) დაამარცხა —კვარაცხელიამ ამ მატჩში დუბლი შეასრულა.
2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კვარაცხელიამ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. სულ 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ შეხვედრაში ითამაშა.
2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი ამხანაგური უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც 4 გოლი შეაგდო. პირველად 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრების კარი აიღო, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა.
მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ შვიდ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
საერთო ჯამში, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. აქედან ორ-ორჯერ გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა და ერთიც ბულგარეთს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.
2022 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლის გატანაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ხოლო მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით თავად გაიტანა. ამასთან ერთად, 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურ ინტერნეტ-პორტალ „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში დასახელდა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიღწეულ ამ წარმატებაში ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით, თანაგუნდელებთან ერთად — კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
სულ ცოტა ხნის წინ კი პარიზში, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა – სასტუმრო “შატლემ” “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ქართველების ყურადღება კი ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.
ხვიჩა კვარაცხელიამ “ოქროს ბურთის” ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა. ეს მისთვის დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მან ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი არიან. “ამ დღეზე ყოველთვის ვოცნებობდი და დღეს აქ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოვხვდი” – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ. მისთვის ეს ნომინაცია რომ მართლაც საამაყოა, მისი ემოციებიც მოწმობს – მას და მის მეუღლეს ღელვა ეტყობოდათ, თუმცა საღამოზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და კამერების წინ პოზირებაც მოასწრეს.
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა. 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ ოჯახს უჭირავს, ამას ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს. მშობლებისა და მეუღლის შესახებ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა:
„ოჯახია ჩეი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა.. ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში ნიცას, სულ ჩემს გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ.
არიან მამები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, ვარჯიშზე აუცილებლად უნდა წახვიდეო და არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ, რომ მამამ უთხრა ასე. მაგრამ ჩემი აზრით, სწორი იქნება ის, რომ ადამიანს, რაც უნდა, ის გააკეთოს.
რა თქმა უნდა, თუ ცუდ რამეს აკეთებს, მამამ რჩევა უნდა მისცეს. ჩემ მაგალითს მოვიყვან, მამაჩემს ჩემთვის ერთხელაც არ უთქვამს, რატომ არ ვარჯიშობ, ან ვარჯიშზე წადი აუცილებლადო. ამას სულ ჩემი სურვილით ვაკეთებდი. იყო ხოლმე პერიოდი, რომ ძალიან წვიმდა, მაგრამ მე მაინც მივდიოდი და მამაჩემს უკვირდა ხოლმე. იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, მართლა მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ.“

ასევე დაგაინტერესებთ