“ჩემს ცხოვრებაში მე ძალიან მიყვარდა 2 ადამიანი, შეიძლება მესამეც, მაგრამ არ დავასახელებ” – ია ფარულავა სიყვარულსა და კარიერაზე – Marao

ქართველი მსახიობი ია ფარულავა ცოტა ხნის წინ დავით ქაშიაშვილის პოდკასტის “მესმე ფურცელის” სტუმარი იყო. მან თავის ცხოვრებაზე, განვლილ გზასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა:
“ჩემი არტისტული, ემოციური და ცეცხლოვანი ბუნებიდან გამომდინარე, გატაცება მქონდა და მჯეროდა სიყვარულის, მაგრამ მერე ეს სიყვარულები მარტივად ქრებოდნენ. ალბათ, ამის დასტურიც არის ჩემი ოთხ-ნახევარი ქმრის ამბავი. ჩემს ცხოვრებაში მე ძალიან მიყვარდა 2 ადამიანი, შეიძლება მესამეც, მაგრამ არ დავასახელებ.
ცხოვრება განვიხილოთ რეინკარნაციული მხრიდან და ვთქვათ, თითოეული ჩვენი ცხოვრება და შემდეგი ჩვენი ცხოვრება იქნება ერთგვარი გამოცდა. ეს ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის, ვერ ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა, დიდად არც კარიერაში გამიმართლა, ამას ჩემი ჰოლივუდური წლები ცხადყოფს. ყველაფერი, რაც გავიარე, საჭირო იყო იმისთვის, რომ მე ჩამოვყალიბებულიყავი იმ პიროვნებად, რაც ვარ დღეს, თავისი სიძლიერით, თავისი სისუსტეების ჩაჩქმავლით, თავისი ბნელი მხარის გაზიარებით. რომ არა ჩემი პირადი ისტორია, მე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ”, – ამბობს ია ფარულავა.
“ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი” – ასე ახასიათებს საკუთარ თავს მსახიობი ია ფარულავა. ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ია ფარულავას შესახებ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ.
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა.
მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს.
ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა.
ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: “დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო – მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო – თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა – და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა”.
ია ფარულავას პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის ოთხჯერ იყო დაქორწინებული და არაერთი რომანი ჰქონდა.
პირველი ქორწინება რამაზ ჩანტლაძესთან შედგა, როდესაც ია ახალგაზრდა იყო. მათი ურთიერთობა რთული აღმოჩნდა რამაზის ეჭვიანობისა და ფიზიკური ძალადობის გამო, რის შედეგადაც წყვილი დაშორდა.
ამერიკაში ყოფნისას იამ მეორედ იქორწინა ჟურნალისტ კრის რაიზერზე, თუმცა, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა და ია საქართველოში დაბრუნდა.
მესამე ქორწინება ბიზნესმენ ფადი ასლისთან შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების თვალში იდეალურ წყვილად ითვლებოდნენ, მათი ურთიერთობა დასრულდა. ია და ფადი დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას.
მეოთხედ მსახიობი ტარიელ სუარზე დაქორწინდა. ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა ერთ-ერთი პოპულარული შოუს ჟიურიში მყოფ იას საყვარელმა მამაკაცმა სცენიდან მოულოდნელად სთხოვა ხელი. ტარიელისა და იას ურთიერთობაში იყო დაშორება, თუმცა ისინი შერიგდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა დეტალები საჯაროდ არ განხილულა.
ია ფარულავას რომანები და პირადი ცხოვრება ხშირად იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ის ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და საკუთარი ცხოვრების მართვის უნარს.
ამჟამად ია ფარულავა მართავს საკუთარ ბიზნესს, აქტიურია სოციალურ ქსელში და ინსტაგრამზე უამრავი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მის ყოველდღიურ ვიდეოებს ელოდებიან.