ჩემს საკანში წყალი ჩამოდიოდა, მძიმე პირობებია ციხეში – პირველი ინტერვიუ ნინო დათაშვილთან

მასწავლებელი, ნინო დათაშვილი, რომელმაც გუშინ საპატიმრო დატოვა, ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ 4 თვის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა.
როგორც დათაშვილმა ს “პირველ ხაზში“ განაცხადა, საკანში, რომელშიც თავდაპირველად იყო, წყალი ჩადიოდა, წვიმა ასხამდა და ბათქაში ცვიოდა, რის გამოც, სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვა.
ჩემ საკანში წყალი ჩამოდიოდა, წვიმამ შემოასხა ერთხელ, საკმაოდ მძიმე პირობებში ვიყავი, არ მეგონა, თუ საქართველოს ციხეებში ასეთი მძიმე პირობები იყო ზოგადად. საკმაოდ შელახული საკანი, ბათქაში ცვიოდა, ტუალეტიც ძალიან მოუწესრიგებელი. არ გაქვს კარადა, რომ ნივთები შეინახო, სკამის სიმაღლის ტუმბო იყო და დაკუზვა ხშირად მიწევდა, საწოლი ისეთი იყო, რომ მე პირადად, ძლიან დიდი ზიანი მომიტანა. იყო რკინის და ფიცარზე ვიწექი ფაქტობრივად, ძალიან მსუბუქ ლეიბზე. 3 თვე ვითხოვდით ორთოპედიულ მატრასზე და ისეთ დროს მეღირსა, ძალიან რომ დამიმძიმდა მდგომარეობა, თუმცა არ ის იყო ისეთი, რომელიც ჩემს მდგომარეობაზე იქნებოდა მორგებული. ჩემი დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის საწოლს და მატრასს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგიდასთან ფაქტობრივად ვერ ვიჯექი, ისეთი დაბალი იყო. 13 სექტემბერს ძაან დავმძიმდი, მხოლოდ ტუალეტამდე მივდიოდი და მეტი ვეღარ დავდიოდი, 2-3 ინქეციას ვიკეთებდი და ისეთი ჯოჯოხეთური ტკივილები მქონდა, მაინც ვერ ვიძინებდი. 17 სექტემბერს გადამიყვანეს ადაპტირებულ საკანში, სადაც შედარებით უკეთესი პირობები იყო, თუმცა მაინც არ იყო ჩემზე მორგებული. უჰაერობა, ნესტი, მიბერავდა ქარი და ყოველდღე ახალ-ახალი ანთებებით ვდგებოდი, – ყვება ნინო დათაშვილი.
ცნობისთვის, 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნინო დათაშვილმა ქალთა ციხე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით 29 ოქტომბერს გირაოს სანაცვლოდ დატოვა.