საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას პასუხობს და აცხადებს, რომ მისი პოსტი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე მას არ ეხებოდა.
სააკაშვილის თქმით, ის ნიკა გილაურის და მისი ძმის, ირაკლი გილაურის ივანიშვილთან გარიგებაზე საუბრობდა.
„რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი რაზეც ნიკა საუბრობს არ წერა. იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.
წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი არაფერ შუაშია, ზოგადად ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა. ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.
ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული “ბიზნესმენების” პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე.გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ ( ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში).
მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.
ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა.
თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ცილი დასწამა და ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული უწოდა. ამიტომ მელიას თქმით, მ მისთვის შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა და ასეთი ბრალმდებლის გვერდში 1 ჰექტარზეც კი ვერავინ ვერასოდეს ნახავს.
ამის შესახებ მელიამ 24 ნოემბერს სასამართლოში ისაუბრა. მელია ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული ნიკა გილაური წინასაარჩევნოდ პარტია „ახალს“ აფინანსებდა იმ პირობით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გაერთიანდებოდა.




