ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე – ნიკა გილაური
ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური.
ნიკა გილაურის განცხადება უკავშირდება “რადიო თავისუფლებას” მიერ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო ოცდახუთი სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია. აღნიშნულ პირებს შორის იყო „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური. საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს განცხადებით, ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ოფიციალურ პირებთან აქტიურად მუშაობენ.
„რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ „საქართელოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და „არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.”
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართელოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავისი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არ-მონაწილების წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ “კაგებეშნიკური” ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა – თუ ვერ აჩერებ პროცესს რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც “სასარგებლო იდიოტების” გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა “არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს,” და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. საქართელოს კაპიტალის განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: „დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.“ მინდა აქვე დავამატო რომ მეც, ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ს კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი ვიზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“- წერს ნიკა გილაური.
რადიო თავისუფლებამ 9 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელიც შეიცავს “ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის” სიას, წერილის ავტორები მომავალ სახელმწიფო მდივნისგან აღნიშნული ადამიანების დასანქცირებას მოითხოვენ. ჩამონათვალში იყო, საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაურიც.