შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედამ შვილის გარდაცვალებიდან ხუთი თვის თავზე, პირველი ინტერვიუ “რადიო თავისუფლებას” მისცა. ია მერებაშვილი, რომელიც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ოფიციალურად ცნეს, ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება. მისივე თქმით, მხოლოდ ადვოკატის, ანა თავხელიძის საშუალებით, აქვს კომუნიკაცია გამომძიებელთან და ისიც იშვიათად
“ხელისუფლების გზავნილები თითქოს ასეთ განწყობას ქმნის, ვის უჩივით, ბუნებასო? ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მქონოდა განცდა, რომ ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ გამოძიებას აშკარად აქვს კომუნიკაციის პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში ერთი ბრიფინგი არ გაუმართავთ. მინდა ყველამ იცოდეს, ამ საქმეს თავს არ დავანებებ. ძალიან კარგი ადვოკატი მყავს, იცის ჩემი გამოკვეთილი პოზიციის შესახებ. სანამ პასუხს არ მივიღებ, არ დავანებებ თავს იმის ძიებას, რა მოხდა შოვში. არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენად სწორად გამოიკვეთება, ან საერთოდ გამოიკვეთება თუ არა პასუხისმგებელი პირი ან პირები, მაგრამ შეგუებული ვარ აზრს, რომ ამ საქმის გამოსაძიებლად ერთი და ორი თვე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, თუმცა, ერთი რამ ვიცი, მე პასუხი უნდა მივიღო, რატომ მოკვდა ჩემი შვილი შოვში, რომელიც იქ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა.” ამბობს დავით ბერიაშვილის დედა.
შვილმკვდარი დედა ითხოვს გაირკვეს, მიატოვა თუ არა მისი შვილი სახელმწიფომ განსაცდელში და შეეძლო თუ არა მისი დახმარება ტრაგედიისას?
“…ხელისუფლებამ რომ თქვა, ვინც გადარჩა, გადარჩა და სხვების შველა შეუძლებელი იყოო, ისეთი სისასტიკე იყო ამის მოსმენა. პირველმა სტრესმა ცოტა რომ გადაიარა, გავაცნობიერე, რამდენად ახლოს იყო ჩემი შვილის სხეული მიწის ზედაპირზე და იქ რომ სწრაფი და დროული რეაგირება ყოფილიყო, ალბათობა იმისა, რომ ის ცოცხალი ენახათ, იქნებ არსებობდა… ჩემი შვილი ისე დავკრძალეთ, რომ მას სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩასტარებია. დავითს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოტეხილობებიც ჰქონდა, სახეზეც ჰქონდა დაზიანება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, დავითი დაზიანებებისგან გარდაიცვალა თუ ასფიქსიით. დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს ცხედრის ექსპერტიზა. თუმცა, ის ისეთი აქცენტით და ფორმით შესთავაზეს ჩემს მეუღლეს, რომ ამაზე მაშინ უარი თქვა…. მიზეზი, რის გამოც ჩემმა მეუღლემ უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, იყო ის, რომ აქცენტი გაკეთდა ფინანსურ ნაწილზე. მეც იქ ვიყავი, კარგად გავიგე. ახლობლებიც გვახლდნენ, მათაც იგივე გაიგეს. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუკი დავითს სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა, ექსპერტიზა დაგეხმარებათ ზიანის ანაზღაურებაშიო. ძალიან ითამაშეს მაშინ ჩვენს ემოციაზე. ასეთი საუბრების შემდეგ რომელი მშობელი დათანხმდება ექსპერტიზას? სულ არ მაინტერესებდა არანაირი ზიანის ანაზღაურება. იმაზე რომ გაკეთებულიყო აქცენტი, რომ ექსპერტიზა დავითის გარდაცვალების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარებოდა, ჩემი ქმარი თუ არა, მე ალბათ ვიტყოდი თანხმობას. დაკრძალვიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ შემოგვთავაზეს ცხედრის ექსჰუმაცია, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ ექსჰუმაციაზე უარი ვთქვით.” ამბობს ია მერებაშვილი.
მისივე თქმით, ამ დრომდე არავინ დაკავშირებია ფსიქოლოგიურ დახმარებასთან დაკავშირებითაც