“ჩემი შვილები, 2 წლის და 7 თვის, ვერ დამიტოვებია სახლში” – გიორგი მუმლაძის თქმით, უკვე მეორედ დაესხნენ თავს

ოპოზიციონერი აქტივისტი, ამბობს, რომ მას უკვე მეორედ დაესხნენ თავს ნიღბიანი ადამიანები. მისი თქმით, თავდამსხმელებმა მისი მანქანიდან ძალით გადაყვანა სცადეს, რაც ვერ მოახერხეს. თუმცა, შემდეგ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე აედევნენ დაბურულმინებიანი მანქანით.
“დღეს, დაახლოებით 6-ის ნახევარზე ვბრუნდებოდი სახლში და ჩემი ქუჩის შესასვლელთან დაგვხვდა “ჰონდა ფიტი”, ნომრებიც გადაღებულია. გადმოხტა ოთხი ნიღბიანი – მე და ლაშა ქველაძე ვიყავით, მარნეულის საკრებულოს წევრი – სცადეს ჩემი გადმოთრევა მანქანიდან, მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ გზა. დაახლოებით 2-3 კილომეტრი გვდია ამ ხალხმა, უნდოდათ ჩვენი ფიზიკური განადგურება. შემდეგ ჩავისვით ჩვენი მეგობარი. როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ ვიყავით სამნი, მაშინვე გაიქცნენ. უკვე ჩვენ ვდიეთ, პრაქტიკულად მთელი ქალაქი ვდიეთ. სამწუხაროდ, პოლიციამ სრული იგნორი მოახდინა ამ ყველაფრის, გაატარა ეს მანქანა, მიუხედავად იმისა, რომ მივაწოდეთ ნომრები.
ეს არის კრიმინალი, კატასტროფა. უკვე მეორედ მომივარდნენ ოჯახში, ხალხნო! […] აღარ შემიძლია, ასე ცხოვრება შეუძლებელია. გარეთ ვერ გამოსულხარ მშვიდად. მე ჩემ თავს არ ვწუხვარ. ჩემი შვილები – 2 წლის და 7 თვის ვერ დამიტოვებია სახლში მარტო. შეუძლებელია ასე ცხოვრება, ხალხო. გუშინ, კინაღამ ორი წლის ბავშვთან ერთად მცემეს, დღეს იმავეს აკეთებდნენ”, – ჰყვება მუმლაძე TV პირველთან საუბრისას.
გუშინ, 9 მაისს, მუმლაძე ამბობდა, რომ ოთხმა ნიღთბიანმა ადამიანმა სცემა და წაართვა მობილური ტელეფონი, რომლითაც მომხდარის გადაღებას ცდილობდა. შემთხვევა როგორც გუშინ, ისე დღეს, მუმლაძის საცოხვრებელი სახლის მიმდებარედ მოხდა.
ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და ანტირუსული აქციების მონაწილეებს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი და შეიარაღებულო ადამიანები ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.
ამავე თემაზე:
· ნინო ზურიაშვილის მანქანა დააზიანეს და სახლის ფასადზე გააკრეს სიძულვილის პლაკატები
· ზურა ჯაფარიძის თქმით, გუშინ ღამით სახლთან ნიღბიანი პირები ჩაუსაფრდნენ
· თავს დაესხნენ “გირჩის” წევრ ბორის (ჩელე) ყურუას და “ახალის” წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს