საქართველოს ნაკრები სექტემბრის თვეში ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს “ჯვაროსნები” ჩეხეთს, ხოლო 10 სექტემბერს ალბანეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული შეხვედრების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ის ზეიმი, რაც ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, ისევ გამეორდეს და ქართველმა ხალხმა კვლავ იზეიმოს. თუმცა დღეს ახალ ეტაპს ვიწყებთ და წინასწარ დიდ მიზნებზე საუბარი ნაადრევია.
მიხარია, რომ ირაკლი დაბრუნდა. შენგელიას არყოფნაში მისი დაბრუნება გადავწყვიტე. კონკურენცია საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება მწვრთნელმა ისურვოს. ყველასთვის და მათ შორის ირაკლისთვის მთავარი
არა საუბარი, არამედ მოედანზე გასვლა და თამაშია.
არ ვფიქრობ, რომ ჩემს ეროვნებას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ზაფხულში რაღაც განსაკუთრებული შევქმენით. მიხარია, რომ ასეთ გასაოცარ ხალხთან, ფეხბურთელებთან და სტაფთან ურთიერთობა მიწევს.
რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, მესმის, რომ რუსეთში თამაში ოპტიმალური ვარიანტი არაა. მას უახლოეს დღეებში გავესაუბრები და გავიგებ მისი მოტივაციისა და გეგმების შესახებ. ჩემი დავალება ნაკრების წარმატებაა და ამ ეტაპზე ამ პოზიციაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.
კაშიასთან ნაკრებში თამაშის დანებებასთან დაკავშირებით არ მისაუბრია. ვფიქრობდი და ახლა ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იქნება. ის კარგი ღვინოსავითაა, უკეთესი და უკეთესი ხდება.
სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ჩემი აზრით, ლუკა გადრანმა ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა, რადგან მას ყაზახეთის ჩემპიონატში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ეს კომპონენტი კი უმნიშვნელოვანესია, რაც ევროპის ჩემპიონატმაც დაამტკიცა.
რაც შეეხება შოთა ნონიკაშვილს, მას 21-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. სწორად ვითარდება, ნიჭიერი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, უკრაინაში მისი კარიერა წარმატებულად წარიმართება.
აქამდეც რამდენჯერმე ვთქვი, რომ საქართველოში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, თუმცა ამ ეტაპზე იქ სამუშაოდ დაბრუნება ჩემს გეგმებში არ შედის.
ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან მატჩი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენი მეტოქის მთავარი პლუსი ფიზიკური სიძლიერეა. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ. ჩეხეთთან გამარჯვება გუნდში ბრწყინვალე განწყობას შექმნიდა. როდესაც ერთა ლიგა შეიქმნა, ასპარეზობა რანგით ყველაზე დაბალ, D ლიგაში დავიწყეთ, ახლა კი უკვე B ლიგაში ვართ. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში. კვლავ ამის დამტკიცებას ვეცდებით”, – განაცხადა სანიოლმა.