4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობის გამო დაკავებულ კახა მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.
გადაწყვეტილებამდე მან მის ოჯახურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მოსამართლეს მისთვის გირაოს შეფარდება შესთავაზა.
„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს. დანარჩენი მდგომარეობა ჩემი აგიხსენით. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, აგერ არის ჩემი ორი ბიჭი, სახლში არიან ორივე, ერთი მაგისტრატურას ამთავრებს… თუ გამოიყენებთ გირაოს, დამალავი რომ არ ვარ გიდასტურებთ, ისედაც და ასედაც”, – განაცხადა მან პროცესზე.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარს, ის აღნიშნავს:
„ჩემი პროტესტის გამოხატვის მიზნით მივედი და ჭიშკარზე, რომელსაც ეჯაჯგურებოდა რამდენიმე ადამიანი, მეც დავჯეჯაჯგურე. დიდი-დიდი, ამის მერე მომხდარიყო ის, რომ გაიღებოდა ჭიშკარი, მეტი არაფერი დაშავდებოდა. შესვლა თუ ვინმეს უნდოდა, შევიდოდა შიგნით. მთლიანად 20 მეტრის სიგანეზე ღობე იყო წაქცეული. ის ვერსია, რომ შესვლა უნდოდაო, თავისთავად არ იყო.
იქიდან გამოვედი, როცა უკვე თვალები ამეწვა, ზუსტად მოხდა 5 წუთში. 5 წუთიდან 20 წამი, დაახლოებით, ვანჯღრევდი ჭიშკარს, დანარჩენი წუთები მოვუნდი უკან გამობრუნებას…
…მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება, არ მქონია მე არაფერი არც ქუდი, არც კეპი, არც არაფერი… არც ვაპირებდი ისეთი რამის გაკეთებას, რომ სასჯელი შემფარდებოდა. იქიდან წამოსულზე მოვიდა პოლიცია შემთან, შემოვიდნენ, 5 პიკაპი შემოცვივდა ეზოში, ეძებდნენ კახა მჟავანაძეს, მე თვითონ დავუძახე, აგერ ვარ-მეთქი, დამადეს ხელბორკილი და წამიყვანეს.
4 ადამიანი ვსხედვართ აგერ, არც ერთს დანაშაული არ გვაქვს ჩადენილი ცხოვრებაში, ხალხია, ისმენს, ქვეყანა ჩალით ხომ არაა დახურული?”, – განაცხადა მან.