საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ეს პირველი სხდომაა კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურულ საკითხებზე უნდა იმსჯელოს.
სხდომის დაწყებამდე მცირე კომენტარები გააკეთეს მღვდელმთავრებმა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი განცხადებით, “დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება”.
მამა ანდრია სინოდზე: ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმაც:
“მღვდელმთავრები არიან, ვისაც შეიძლება არ ჰქონდეთ უმაღლესი სასულიერო განათლება, მაგრამ პატრიარქიც მღვდელმთავარია. თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება?! თბილისში რატომ არ შეიძლება იყოს უდიპლომო და რატომ შეიძლება მაგალითად ქუთაისში იყოს ან რუსთავში?!” – განაცხადა მეუფე ზენონმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, “თქვენ გყავთ თქვენი კანდიდატები, რომლებსაც დაასახელებთ?!” მეუფე ზენონმა უპასუხა: “რა თქმა უნდა, ჩემი კანდიდატები არიან ისინი, ვინც ილია II-ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ”.
რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს მოსაყდრეობა?
როგორ ირჩევენ პატრიარქს?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო დაძარში დაკრძალეს.