„ჩემი დღევანდელი საქმიანობა მაინც დედობა და ოჯახია… ამ 11-12 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე“ – სად გაქრა ყველასთვის საყვარელი იუმორისტი, სალიტა ჩუბინიძე და როგორია მისი ცხოვრება ახლა – Marao
მშვენიერი გარეგნობის, ნიჭიერი გოგონა სალიტა ჩუბინიძე 11 წლის წინ იუმორისტული შოუდან გაიცნეს. მრავალმხრივიად საინტერესო სალიტა პოპულარული მალევე გახდა. მაყურებელმა შეიყვარა… ცოტა ხანში ოჯახიც შექმნა, მისი მეუღლე იმხანად იუმორისტი (იმავე შოუდან) და უმეტესად, პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი გიორგი აფციაურია, რომელმაც სალიტას ხელი სთხოვა.
· დაქორწინების შემდეგ წყვილი ტელეეკრანიდან მალევე გაქრა. რას საქმიანობს, დროს რას უთმობს, რით არის დაკავებული სალიტა ჩუბინიძე დღეს, რომლის ვიდეოც ცოტა ხნის წინ “ტიკ-ტოკზეც” გამოჩნდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ ყველაფერზე პასუხს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ჩემი დღევანდელი საქმიანობა მაინც დედობაა, ოჯახი, დროს ამას ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავისთვისაც მოვიცალო. განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავ და ამ 11-12 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე. ხელოვნებათმცოდნეობას “ჯავახიშვილში” ვსწავლობდი და კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტი დავასრულე. ესაა თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, რაც შედარებით ახალი ფაკულტეტია, როგორც კი კონსერვატორიაში ის დაამატეს, მაშინვე ჩავაბარე. სულ მინდოდა მუსიკალური კუთხით მეტი განათლება მქონოდა. ასევე უფროსი მასწავლებელიც გავხდი, ანუ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოვიპოვე და შემიძლია ხელოვნებათმცოდნეობა ვასწავლო.
– მუსიკა ვახსენეთ და როგორც ვიცი, კარგად მღერი…
– ბავშვობიდან ვმღერი და აქტიური ვარ ამ სფეროში… გარდა ამისა, უამრავი ჰობი მაქვს, ჯერ ვტკბები ამ ყველაფრით და მათ სერიოზულად არ ვუდგები. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გატაცებაა მინიატურული ხელოვნება. ამ მხრივ უნდა ვიაქტიურო, რადგან საქართველოში, როგორც ვხვდები, მსგავს ხელოვნებასთან წვდომა ადამიანებს აქტიურად არ აქვთ. არადა, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დარგია. თავადაც ვქმნი, კერამიკული ხელოვნებითაც ვარ გატაცებული, მიზიდავს პოლიმერული თიხა და ეს ორივე დარგი შესწავლილი მაქვს. მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარებას არ ვაპირებ და ამით თავის შეზღუდვას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, აუცილებლად წარმოვაჩენ.
– “ადამიანი-ანსამბლი” გამოდიხართ…
– ასე გამოდის… როდესაც ერთი მიმართულებით აქტიურობ, შედეგი მალევე მოდის. ამ შემთხვევაში, ბევრ რაღაცას რომ მოედები, დროში იწელება და შედეგი გვიან დგება… წარმოიდგინეთ, ახლა ვიზაჟითაც დავინტერესდი, ისე, ეს სფეროც ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემმა ახლობლებმა, მეგობრებმა მითხრეს, რომ კარგად გამოგდისო და ცოტა გავთამამდი.
– როგორც ჩანს, ხატავთ კიდეც?
– კი, ვხატავ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმე მაინც სიმღერა და სცენაზე დგომაა. ამ კუთხითაც რაღაცებს ვაპირებ. მიმაჩნია, რომ რითაც ხარ სამყაროსგან, ღმერთისგან დაჯილდოებული, ის უნდა განავითარო. უარი არ უნდა თქვა, რადგანაც უმადურობა გამოდის. ამა თუ იმ ნიჭით როცა იბადები, გასაქანი უნარებს აუცილებლად უნდა მისცე. მით უმეტეს, რომ ყოველთვის პოზიტიური გამოხმაურება აქვს ხოლმე სცენაზე, ვთქვათ, ჩემს გამოსვლას, სიმღერას. თბილი დამოკიდებულება აქვს ყოველთვის მაყურებელს. არ მაქვს უფლება, ჩემსას არ ვეცადო…