“ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა” – კეზერაშვილი პროკურატურას პასუხობს

ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურის ბრალდებას პასუხობს და მას “ცილისმწამებლურ კამპანიას”, “პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მისი დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას” უწოდებს. დავით კეზერაშვილის განცხადებას “ფორმულა” ავრცელებს.
“სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა -ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ქართული ოცნება მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს”.
7 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით, „ქოლ-ცენტრების საქმეზე“, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში ჩართულ ოთხ პირს, ასევე დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
პროკურატურის მტკიცებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და ს რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა თანხის ნაწილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ანგარიშზე ჩარიცხა.
„ქოლცენტრების საქმემ” საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც BBC-მ ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიება მოამზადა.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.
BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს “უბრალო ინვესტორებს” და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას – პენსიონერებს.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის, ანდა მსხვილი მეწილის.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.
თუმცა Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.
დავით კეზერაშვილმა BBC-ს მიმართა და მისგან ფაქტების უარყოფა მოითხოვა.